რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სამშაბათისთვის ნაჩქარევად ჩანიშნული შეხვედრებისთვის ვაშინგტონში მიემგზავრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის დანიშნულება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში „მნიშვნელოვანი საკითხების“ განხილვა იქნება, თეთრი სახლის ოფიციალური პირები კი მიანიშნებენ, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა შეიარაღებაზე კონტროლი იქნება, მასთან ერთად კი სირიისა და უკრაინის საკითხებზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოების გადასაწყვეტად გამიზნული დისკუსიები შედგება.
როგორც ჩანს, მოლაპარაკებების იდეის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასულ კვირაში გამოვიდა, როდესაც რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვს ძალიან სურდა ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი შეთანხმება „სტარტი,“ ამ წლის ბოლოსთვის, „ყოველგვარი წინაპირობის“გარეშე გაეგრძელებინა.
მოსკოვში, ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, პუტინმა ბირთვული შეთანხმების თემაზე, რომელიც 2021 წელს იწურება, თქვა, რომ „რუსეთი არ არის დაინტერესებული გამალებული შეიარაღების დაწყებით და რაკეტების იქ განლაგებით, სადაც ამჟამად ის არ არის.“
როგორც ჩანს, ვაშინგტონმა გზავნილი გაიგო.
ლონდონში ცოტა ხნის წინ გამართულ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ იცოდა მოსკოვის სურვილის შესახებ, შეიარაღების კონტროლის შესახებ „შეთანხმება შემდგარიყო,“ თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებში ჩინეთიც ჩაერთვება, ახალი ბირთვული სახელმწიფო, რომელიც ცივი ომის დროინდელ ბირთვულ შეთანხმებებში არ მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენ ნამდვილად ჩავრთავთ... ჩინეთს. შეიძლება მოგვიანებით ან ახლავემოვიწვიოთ.“
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი ამბობს, რომ სინამდვილეში, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შესაძლოა ლავროვის ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტთან შეხვედრაც მოხდეს, რაც საპასუხო ნაბიჯი იქნება იმ პატივისცემისთვის, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო მდივან პომპეოს მიმართ, მოსკოვში მისი ბოლო სტუმრობისას გამოიჩინა.
ამ დროისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ორ მთავარ დიპლომატს „სამუშაო სადილი“ ექნება, რომელსაც პრეს-კონფერენცია მოჰყვება.
ლავროვის ვაშინგტონში ვიზიტი იმ დროს შედგება, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცესთან დაკავშირებული, მკვეთრად პარტიული მწვავე შიდა დაპირისპირება ხდება.
საიმპიჩმენტო მოსმენების ყურადღების ცენტრში ამჟამად უკრაინაა, თუმცა დემოკრატი კანონმდებლები და თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ რესპუბლიკელების მხრიდან პრეზიდენტის დაცვის სტრატეგია ზედმიწევნით იმეორებს რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერგავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, რომლის მიხედვითაც - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ჩარევის კამპანიის უკან უკრაინა იდგა და არა რუსეთი.
იმავდროულად, კონგრესის წევრი ზოგიერთი დემოკრატი ირწმუნებოდა, რომ საიმპიჩმენტო გარჩევამ უნდა მოიცვას ტრამპის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ის ბრალდებებიც, რომელიც საგანგებო პროკურორ რობერტ მალერის ორწლიანი გამოძიების მასალებშია აღწერილი.
ე.წ. მალერის ანგარიშის სახელით ცნობილი გამოძიების შედეგი, ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა და ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით შეთქმულების სამხილი ვერ აღმოაჩინა, თუმცა კონგრესის გადასაწყვეტად დატოვა საკითხი, შეუშალა თუ არა ხელი ტრამპმა მართლმსაჯულებას იმ გამოძიების ორი წლის განმავლობაში, რომელმაც მისი კამპანიის რამდენიმე თანამშრომელი ციხეში გაამწესა.
ანგარიში ასევე დაეთანხმა შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებს, რომ რუსეთი აშკარად შეეცადა, 2016 წლის არჩევნების შედეგზე გავლენა მოეხდინა. ამ ბრალდებას კრემლიც და ტრამპიც უარყოფენ.
სურათს კიდევ უფრო ართულებს იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის, მაიკლ ჰოროვიცის ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა და მალერის „რუსული გამოძიების“ შემოწმებას ეძღვნება.
Facebook Forum