ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ჯარი დასუსტდა და რუსეთი ამით სარგებლობს


თურქი ჯარისკაცები, რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირების წინ, დაღუპული რუსი პილოტის ცხედარს მიასვენებენ. 30 ნოემბერი, 2015
თურქი ჯარისკაცები, რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირების წინ, დაღუპული რუსი პილოტის ცხედარს მიასვენებენ. 30 ნოემბერი, 2015

თურქეთში მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ანკარის ურთიერთობა რუსეთთან, კავკასიასთან და ნატოსთან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ ქვეყნის ჯარი შესაძლოა დასუსტებულიყო ცოტა ხნის წინ მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

„ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში ექსპერტებს ესაუბრა იმაზე, თუ რას შეიძლება ველოდეთ აგვისტოში რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

თურქეთის დასუსტება და რუსეთისკენ გადახრა არც საქართველოს აწყობს. დასუსტებული თურქეთი საქართვლოს მხარდაჭერასაც შეამცირებს. ეს კი თბილისს არც ეკონომიკურად აწყობს და არც პოლიტიკურად.
სტივენ ბლენკი

"რენდის კორპორაციის" უფროსი პოლიტიკური მიმომხილველი სტივენ ფლანეგენი ამობობს, რომ ახლო მომავალში თურქეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების შეცვლის პერსპექტივას ვერ ხედავს. „ნატოს სურს, რომ თურქეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს არა მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ სხვა საერთაშორისო მისიებშიც,“ აცხადებს ფლანეგენი.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას. „არავინ საუბრობს იმაზე, რომ თურქეთი რამენაირად დაისაჯოს მიმდინარე მოვლენების გამო. დღეისთვის ინჯირლიკის სამხედრო ბაზაც სრულ სამუშაო რეჟიმშია და იქიდან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება.“ მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთოება უცვლელი რჩება.

"რენდის კორპორაციის" მკვლევარი ამბობს, რომ განსხვავებული მდგომარეობაა რუსეთთან მიმართებაში. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საკმაოდ ახლო პერსონალური ურთიერთობა აქვთ. თუმცა, გასული წლის ნოემბერში, თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, პუტინმა ამ მოქმედებას „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდა. მას შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. ერდოღანმა რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე მაშინ უარი თქვა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ფლანიგენი ამბობს, რომ ერდოღანი მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება. „რუსეთს და თურქეთს ამ ეტაპზე ერთმანეთი სჭირდებათ. რუსეთისთვის თურქეთი მნიშვნელოვანი ბაზარია ენერგო რესურსების თვალსაზრისით. თურქეთს კი ეს ენერგო რესურსები სჭირდება,“ ამბობს ექსპერტი. თუმცა, „დიდ პრობლემად რჩება სირიასთან დაკავშირებული განსხვავებები. რუსეთის პოლიტიკა სირიაში პირდაპირ ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას. ამიტომ, აგვისტოს შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, ძირითადად ეკონომიკაზე იქნება.“

"ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" მკვლევარი სტივენ ბლენკი ამბობს, რომ პუტინი „ერდოღანის ფანტაზიას“ თურქეთის რეგიონულ ენერგო-ცენტრად გადაქცევასთან დაკავშირებით ხელს გარკვეულ ეტაპამდე შეუწყობს. კრემლი ამას ანკარასთან ურთიერთობის დასათბობად გააკეთებს, თუმცა საკუთარ ინტერესებს ყოველთვის წინა პლანზე დააყენებს.

ბლენკს მიაჩნია, რომ მარცხით დამთავრებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ თურქეთის ჯარი მორალურად დათრგუნა და მნიშვნელოვნად დაასუსტა. რუსეთი ამით ისარგებლებს და შავი ზღვის აუზში პოზიციებს გაიმაგრებს.

ბლენკის თქმით, „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები არ გაზრდილა, თუმცა თურქეთისა შემცირდა. თუ რუსეთმა შავი ზღვის აუზში პოზიციების გამყარება სცადა ან ბალკანეთს, უკრაინას და კავკასიას რაიმე სახით დაემუქრა, ნატოს შეკავების ნაკლები მექანიზმი ექნება.“

ექსპერტი ამბობს, რომ მონტრეს ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში მშვიდობის დროს სამხრეთიდან სამხედრო გემების შესვლას აკონტროლებს. ბლენკს მიაჩნია, რომ თუ თურქეთი ეკონომიკურად რუსეთისკენ გადაიხარა და ამავე დროს, ჯარში არსებული სისუსტეები ვერ დაძლია, არ არის გამორიცხული „შავ ზღვაში უფრო მეტი რუსული გემი შევიდეს. ამის შემდეგ, ნატო შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარი პოზიციის დაცვას ვეღარ შეძლებს.“

ბლენკი ამბობს, რომ აგვისტოში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინი ერდოღანს ეკონომიკურად მომხიბლავ პირობებს შესთავაზებს. ამაში შეიძლება შედიოდეს სამხრეთის ნაკადის შესახებ მოლაპარაკების განახლება, ან თურქეთის ნაკადის მხარდაჭერა. ექსპერტს მიაჩნია, რომ ანკარის მოსკოვთან დაახლოება კავკასიაში თურქეთის გავლენას შეამცირებს.

„რუსები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმას იმუშავებენ, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის უცნობია. ანკარამ შესაძლოა მოსკოვს ამ გეგმაში მხარი დაუჭიროს. თურქეთის დასუსტება და რუსეთისკენ გადახრა არც საქართველოს აწყობს. დასუსტებული თურქეთი საქართვლოს მხარდაჭერასაც შეამცირებს. ეს კი თბილისს არც ეკონომიკურად აწყობს და არც პოლიტიკურად,“ ამბობს ბლენკი.

რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება ამ ეტაპზე შესაძლოა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდეს. საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური იზოლირების ფონზე, რუსეთს გავლენიანი მოკავშირეები სჭირდება. თურქეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. შეცვლის თუ არა ეს დინამიკა თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით ნატოსთან და ამერიკასთან, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება.

(By Ia Meurmishvili)

XS
SM
MD
LG