თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რომელიც სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიითაა განრისხებული, აფრთხილებს რუსეთს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისაგან შეიძინოს ბუნებრივი გაზი და სხვა პარტნიორებთან ერთად ააშენოს ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგური.
თურქეთი რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. ამავე დროს, თურქეთი დათანხმდა, რუსეთთან ერთად ააშენოს ახალი გაზსადენი სახელწოდებით „თურქული ნაკადი“, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების ალტერნატიული საშუალება უნდა გახდეს.
სავარაუდოდ, რუსეთმა უნდა ააშენოს თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქალაქ აქუიუში. ამ სადაო, 20-მილიარდიანი პროექტის მიზანია თურქეთის ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესება.
მაგრამ ერდოღანმა, რომელიც ხუთშაბათს იაპონიაში გაემგზავრა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობას საფრთხე ემუქრება, რადგან რუსეთი სირიას ბომბავს და თურქეთის საჰაერო სივრცეს არღვევს.
„ჩვენ რუსული გაზის უმსხვილესი მომხმარებლები ვართ. საჭიროების შემთვევაში, თურქეთს შეუძლია, გაზი ბევრ სხვა ადგილას იყიდოს,“ განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთთან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმდა, თუმცა მასში მშენებლობის დაწყების თარიღი მითითებული არ არის. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის დაკარგვა რუსეთს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
„აქუიუს აშენება სხვებსაც შეუძლიათ, თუ მას რუსეთი არ ააშენებს,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მზარდი დაძაბულობა თურქეთი, როგორც ნატოს წევრი სახელწიფო, განრისხებულია, რომ რუსეთმა სირიაში პრეზიდენტ ასადის დასახმარებლად საჰაერო კამპანია წამოიწყო. ანკარას კი ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურს.
გასული კვირის დასაწყისში თურქეთმა რუსეთის ელჩი მეორედ დაიბარა. გავრცელებული ცნობებით, რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის საჰაერო სივრცე მრავალგზის დაარღვიეს.
თურქეთის მთავრობა დაიმუქრა, რომ რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებს, თუ ისინი კიდევ გადაკვეთენ საზღვარს. რუსეთმა საზღვრის დარღვევის ფაქტებს შემთხვევითობა უწოდა.
„რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა სერიოზულია,“ ამბობს ანკარის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ერდალ თანას ქარაგოლი.
ქარაგოლის აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მხარეს არ სურს სასარგებლო ურთიერთობის გაფუჭება, თურქეთი სირიაში რუსეთის ქმედებებზე თვალს ვერ დახუჭავს.“
თუმცაღა, პროტესტის გარდა, თურქეთს ბევრი არაფერი შეუძლია.
„ბევრი რამ, რასაც ერდოღანი ამბობს, ტრაბახია,“ განაცხადა გარეტ ჯენკინსმა, რომელიც ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.
„გამოცდილებით ვიცით, რომ რუსეთი და თურქეთი ურთიერთობებს სექტორებად ყოფენ. მათ ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვთ. დღევანდელი დაძაბულობა გადაივლის,“ ამბობს ჯენკინსი.
გაზსადენი იგვიანებს რუსეთის სირიაში მოქმედებების გამო, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებაზე შეიძლება მიუთითებდეს „გაზპრომის“ ოთხშაბათის განცხადება, რომ „თურქეთის ნაკადის“ პროექტი დაიგვიანებს.
„რადგან მთავრობები არ შეთანხმებულან, პროექტის განხორციელების ვადები გადაიწევს,“ განუცხადა გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ალექსანდრ მედვედევმა რუსულ სააგენტოებს. მედვედევმა იგულისხმა შავი ზღვის ფსკერზე ასაშენებელი ოთხი გაზსადენიდან პირველის დასრულება, რომელიც მომავალი წლისათვის იყო დაგეგმილი.
„პროექტი იმდენხანს დაიგვიანებს, სანამ შეთანხმებას არ მოეწერება ხელი. პროექტის განხორციელების ვადამ ერთი წლითაც რომ გადაიწიოს, ტრაგედია არ იქნება,“ დაამატა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "თურქეთის ნაკადის" მშენებლობის გეგმა 2014 წლის დეკემბერში წარმოადგინა. მან თქვა, რომ „თურქეთის ნაკადი“ ჩაანაცვლებდა "სამხრეთის ნაკადის" გაუქმებულ პროექტს, რომელზეც რუსეთი ევროპულ კომპანიებთან ერთად მუშაობდა.
გასულ თვეს, სირიაში რუსეთის საჰაერო კამპანიის დაწყებამდე, პუტინი და ერდოღანი შეთანხმდენენ, რომ სიძნელეების მიუხედავად, "თურქეთის ნაკადზე" მუშაობას გააგრძელებდნენ.
მაგრამ გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ადრინდელი შეთანხმებით, ივნისში უნდა დაწყებულიყო, ჯერაც არ დაწყებულა.
პროექტის მოცულობაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სამშბათს გაზპრომმა განაცხადა, რომ თურქეთის ნაკადის წლიური გამტარუნარიანობა 63 მილიარდი კუბური მეტრის ნაცვლად 32 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
ჯენკინსის აზრით, სწორედ თურქეთი დაზარალდება ყველაზე მეტად, თუკი რუსულ გაზს დაკარგავს. მისივე თქმით, გაზსადენის პროექტის მთავარი მამოძრავებელი ბრიუსელია და არა ანკარა.
„თუ პროექტი განხორციელდება, ევროპაში რუსული გაზის მიმართ ინტერესი აუცილებლად იქნება," ამბობს ჯენკინსი. "ორი უმთავრესი დამაფიქრებელი ფაქტორია რუსეთზე, როგორც გაზის მიმწოდებელზე, გადამეტებული დამოკიდებულება და პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინისა და სირიის მოვლენების გამო."
თუ რუსეთთან დაპირისპირება გაღრმავდება, თურქეთს გაზის სხვა მსხვილი მომწოდებლებიც ჰყავს აზერბაიჯანისა და ირანის სახით. დაგეგმილია მცირე მოცულობით თურქმენული გაზის მიღებაც.
მაგრამ "თურქეთის გრძელვადიანი ამოცანაა, გახდეს ენერგოჰაბი, საიდანაც ევროპა გაზს მიიღებს, თვითონ კი სატრანზიტო შემოსავალს შეაგროვებს. წარსულში [რუსეთ-თურქეთის] მსგავს დაძაბულობას ყოველთვის გადაუვლია," ამბობს ჯენკინსი.