ხუთშაბათს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვაში ორი საომარი ხომალდი გაგზავნა, ამ ფონზე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ციმბირში, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულა წყალდიდობით დატბორილი ტერიტორიები.
მთელი კვირის მანძილზე პრეზიდენტი პუტინი სირიის თემას არ გამოხმაურებულა, მაშინ, როდესაც საერთშორისო თანამეგობრობა შეშფოთებას გამოთქვამდა ასადის რეჟიმის მიერ დამასკოს მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. პუტინმა ამ თემაზე კომენტარების გასაკეთებლად თავის თანაშემწეები დატოვა.
ვიცე პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა ტვიტერში შემდეგი დაწერა: „დასავლეთი ისლამურ სამყაროში იქცევა ისე , როგორც მაიმუნი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა უპყრია.“
უფრო დიპლომატიური იყო რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი:
„ეს არის ილუზია, რომ სირიის მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გახდება სამოქალაქო ომის დასასრულის საწყისი.“
რუსი ანაალიტიკოსები თავის მხრივ თვლიან რომ ერთი ან ორდღიანი სადამსჯელო საჰაერო დარტყმები, არ შეცვლის სამოქალარო დაპირისპირების ტალღას, რომელმაც უკვე 100 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აი რას აცხადებს ამის შესახებ მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი გეორგი მირსკი:
„ სირიის რეჟიმისთვის ეს იქნება დიდი დანაკლისი, ის დაკარგავს პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა რუსეთი და ირანი ამ დანაკლისს შეავსებენ. ყველაფერი კომპენსირებული იქნება.“
მირსკიც და რუსი კანონმდებლებიც თვლიან, რომ დღესდღეობით ვაშინგტონის მთავარი ამოცანა, ისევე როგორც ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში, რეჟიმის შეცვლაა.
მირსკის განცხადებით, რუსეთი ამ ყველაფრისგან ხელისგაუნძრევლად მოგებაში დარჩება:
„ რუსეთი საკმაოდ მომგებიან პოზიციაშია. თუ ამერიკა სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება, ახალ ომში, რომლის მომგებიც არ არიას, რუსეთისთვის უკეთესი იქნება.“
აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერები სამხედრო ჩარევის მომხრეები არიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დამასკოს შემოგარენში ამ იერიშის შედეგად 350 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
ამ ფონზე რუსეთში დიპლომატები და ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ გაზის გაშვება ოპოზიციის ძალების მიერ მოხდა.
მოსკოვში სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი ჯგუფის, სირიის ეროვნული საბჭოს წევრის მაჰმუდ ალ ჰამზას განცხადებით, რუსეთის ტელევიზია გადაცემებში მონაწილეობისთვის მას თითქმის არასდროს იწვევენ:
„ როდესაც ორი თვის წინ ასადის მოწინააღმდეგეებმა შეხვედრა დავგეგმეთ მოსკოვში, რუსეთის უშიშროების თანამშრომლებმა შეკრების შემთხვევაში დაპატიმრებით დაგვემუქრნენ.“
ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების სამი რეზოლუცია დაბლოკა. სავარაუდოდ ამ დღეებში, კიდევ ერთი კენჭისყრის შემთხვევაში, რუსეთი კვლავ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ის უძლურია დასავლეთის წინაშე და მათ ქმედებებს ვერ შეაჩერებს. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ისიც დასძინა, რომ „ბრძოლას არავის წინააღმდეგ არ აპირებენ“.
ამ კვირაში რუსეთის ავიაციამ სირიიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, ჯამში წლის განმავლობაში 730-მა რუსეთის მოქალაქემ დატოვა სირია.
მომდევო რამდენიმე კვირის მანძილზე სირიის სანაპიროებისკენ გაგზავნილი სამხედრო ხომალდების მთავარი მისია კი სავარაუდოდ ევაკუაციას ემსახურება.