გვიან ოთხშაბათს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ სთქვა, რომ აგრძელებს ფართო მსჯელობას ეროვნული უშიშროების გუნდთან და სამხედრო უწყებისგან მიიღო შესაძლო ვარიანტების ინფორმაცია.
მან სთქვა, შეერთებულმა შტატებმა დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ალ -ასადმა განახორციელა 21 აგვისტოს იერიში დამასკოს გარეუბანში, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
პრეზიდენტმა სთქვა, რომ არასტაბილურ რეგიონში, ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო საერთაშორისო ნორმის დარღვევას, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ სირიის მთავრობამ ეს ნამდვილად განახორციელა, და თუ ეს ასეა, ამას უნდა მოჰყვეს დასკვნები საერთაშორისო დონეზე. ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. მე არ ვარ დაინტერსებული იმით, რომ სირიაში მოხდეს რაიმე სახის გაუთვალისწინებელ შედეგის მომტანი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პასუხი აგონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც არღვევენ იარაღთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს, როგორიცაა მაგალითად ქიმიური იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩვენ საფრთხე შეგვიქმნას.“
ბატონ ობამას დაუსვეს კითხვა, რა შედეგს გამოიღებს სამხედრო, თუნდაც შეზღუდული ძალის დარტყმა.
მან სთქვა, რომ ეს ვერ გადაწყვეტს პრობლემებს სირიაში, მაგრამ შეძლებს ძლიერი სიგნალის გაგზავნას დამასკოს რეჟიმის მისამართით.
„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ მართლაც ვარჩევთ ვიმოქმედოთ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, მაშინ ასადის რეჟიმი, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად სამოქალაქო ომშია ჩაბმული, მიიღებს ძლიერ სიგნალს, რომ უკეთესი იქნება ეს აღარ გაიმეოროს.“
ბატონმა ობამამ ისევ გამოთქვა შეერთებული შტატების მზადყოფნა, პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად და კონფლიქტის მოსაგვარებლად დააკავშიროს მხარეები და ამისთვის ითანამშრომლოს ყველასთან, სირიის მთავარი მოკავშირის, რუსეთის ჩათვლით.