ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-სირიის მოლაპარაკებები


დღეს, სირიის პრეზიდენტი ასადი, რუსეთში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნდა. მათ სამი კვირის წინ დაწყებული, ასადის არმიის მხარდამჭერი რუსული სამხედრო კამპანიის საკითხი განიხილეს.

2011 წლის შემდეგ, ასადის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ არაფერია ცნობილი. იმ წელს უშიშროების ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია დაარბიეს და ქვეყანაში ვითარება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რამაც სულ ცოტა, 240 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

სამშაბათს, მოსკოვის შეხვედრის დროს, ასადმა პუტინს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამის გარეშე „ტერორიზმი“ უფრო მეტ ტერიტორიებზე გავრცელდებოდა.

სირიის მთავრობა მეამბოხე მებრძოლებს ყოველთვის „ტერორისტებს“ უწოდებს. შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები რუსეთს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნედ მეამბოხეებს ირჩევდა და არა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს.

ეს მოლაპარაკებები იმავე დღეს შედგა, როცა რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ორივე ქვეყნის საფრენი აპარატებისთვის, სირიაში მოქმედებისას „უსაფრთხო დისტანციის“ სტრუქტურას უზრუნველყოფს.

პენტაგონის პრესმდივანმა პიტერ კუკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარი თქვა დაეზუსტებინა, თუ რა დისტანციაზე იყო საუბარი, მაგრამ თქვა, რომ ამერიკულმა ეკიპაჟებმა ეს ზუსტად იცოდნენ. მისი სიტყვებით: „შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი რამ, რაც მუქარად და მტრულ საქციელად შეიძლება იქნას აღქმული, ამ შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.“

კუკმა აღნიშნა, რომ რუსებმა ითხოვეს მემორანდუმის სრული შინაარსი საჯარო არ გამხდარიყო, თუმცა დაამატა, რომ ის მოიცავს პროტოკოლებს, რომელშიც ჩართულია „პროფესიონალი მფრინავის ნორმების მუდმივად დაცვა, კონკრეტული საკომუნიკაციო სიხშირეები და მიწაზე საკომუნიკაციო ხაზის შექმნა“. მან თქვა, რომ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზი სათადარიგოდ იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ საჰაერო სივრცეში დაცვის მექანიზმები მოიშლება.

შეთანხმება, სირიაში მოქმედ ყველა სახის საფრენ აპარატს მოიცავს, მათ შორის უპილოტო აპარატებს. ის მხოლოდ სირიას ეხება და არცერთ სხვა ქვეყანას.

კუკმა თქვა: „ახლა რუსები სირიაში ფრენის უსაფრთხოების ამ პროტოკოლებს უნდა დაემორჩილონ, ჩვენ შეცდომები არ გვსურს.“

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ საავიაციო წესები, სირიაში ორი ქვეყნის მოქმედების წესის შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი არ არის და არც იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები იქ რუსეთის მოქმედებას რამენაირად მხარს უჭერს. კუკმა ხაზი გაუსვა: „ჩვენ ისევ გვჯერა, რომ სირიაში რუსეთის სტრატეგია საწინააღმდეგო შედეგის მომტანია და ასადის რეჟიმი სირიის სამოქალაქო ომს მხოლოდ გააუარესებს."

ლონდონში დაფუძნებული, სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის მიხედვით, რუსულმა საავიაციო დარტყმებმა ორშაბათს, ლატაკიის პროვინციაში, სულ ცოტა 45 ადამიანი იმსხვერპლა.

კუკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიაში თავისი სტრატეგიის შესაბამისად იმოქმედებს, შეუტევს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და სირიელ ზომიერ ოპოზიციას მხარს დაუჭერს. 2014 წლის სექტემბრიდან, კოალიციამ ამერიკის ლიდერობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ 2600-ზე მეტი ავია დარტყმა განახორციელა.

გასულ თვეში, ავია დარტყმების დაწყების შემდეგ, რუსებმა შეერთებულ შტატებს „კონფლიქტის ჩაქრობის“ თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა.

რუსეთის მიერ ავია დარტყმების დაწყების შემდეგ, პენტაგონს სირიის ცაში დიდი ავარიების შესახებ არაფერი გამოუცხადებია, თუმცა ორიოდე შემთხვევაში კოალიციის თვითმფრინავს კურსის შეცვლა მოუხდა, რათა რუსულ თვითმფრინავთან ძალიან ახლოს მოხვედრა თავიდან აეცილებინა.

XS
SM
MD
LG