ოთხშაბათს რუსეთმა სპეციალური სამხედრო წვრთნა მოაწყო, რომელშიც ჩართული იყო ბირთვული შესაძლებლობების მქონე წყალქვეშა ნავები, სტრატეგიული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები. რუსეთის შეიარაღებულ ძალების ვარჯიში უკრაინასთან იმ მორიგი დაძაბულობის ფონზე გაიმართა, როცა რუსეთი უკრაინას "ბინძური ბომბების" გამოყენების დაგეგმვაში სდებს ბრალს.
რუსეთის არმიის მიერ "ბინძურ ბომბზე" რეაგირების ერთგვარ რეპეტიციას, სახელად "გრომი" (რუსულად: "ქუხილი"), პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დისტანციურად ადევნებდა თვალს. ოფიციალური ვერსიით, წვრთნები მიზნად ისახავდა კრემლის ბირთვული ძალების მზადყოფნის შემოწმებას, ასევე მოწინააღმდეგეთა ძალების შეკავებას.
რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების მქონე შენაერთებმა გამოცდა წარმატებით გაიარეს და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რიას" ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რეგიონში და მსოფლიოში კონფლიქტის შანსი კვლავ მაღალია.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მათ ინფორმაცია წვრთნების თაობაზე წინასწარ ჰქონდათ. რუსეთმა პენტაგონს დაგეგმილი ვარჯიშების შესახებ ადრევე აცნობა, მაშინ როცა ნატოს ძალები თავად ატარებდა ბირთვული შეკავების რუტინულ წვრთნებს ევროპაში, ყოველწლიურ ვარჯიშებს, სახელად "ურყევი შუადღე".
ნატოს ვარჯიშებში 14 ქვეყანა მონაწილეობდა. მასში ჩართული იყო 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი, "მათ შორის - მეოთხე და მეხუთე თაობის მოიერიშე, ასევე სათვალთვალო და საწვავით ჰაერში შევსებისთვის საჭირო თვითმფრინავები", - განაცხადა 17 ოქტომბერს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა. განცხადებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს "რუტინული, განმეორებითი სასწავლო აქტივობაა“, რომელიც უკრაინაზე 24 თებერვლის თავდასხმამდე დაიგეგმა და შექმნილ ვითარებასთან კავშირში არ იყო.
დასავლეთი აცხადებს, რომ მოსკოვი რადიოაქტიური მასალით სავსე, ე.წ. „ბინძური ბომბის“ კიევის მიერ გამოყენების საფრთხეს, უკრაინაში ესკალაციის საბაბად იყენებს. კრემლმა რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ოკუპირებული სამხრეთის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
შეერთებული შტატების, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებათა პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. „თითოეული ჩვენგანი უარყოფს რუსეთის აშკარა ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ბრალდება იმის ნიშანია, რომ მოსკოვი თავად გეგმავს ასეთ თავდასხმას და შემდეგ ამაში უკრაინის დადანაშაულებას.
Facebook Forum