რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, რომელიც მას 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს, ხმის მიცემის თარიღად 1 ივლისი დაასახელა. პრეზიდენტმა განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ხმის მიცემა რამდენიმე დღით ადრე დაიწყება, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა. ცვლილებების განსახორციელებლად მას მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
კონსტიტუციურ ცვლილებებს კანონმდებლებმა მხარი უკვე დაუჭირეს. მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლომაც.
თავდაპირველად ცვლილებებისთვის ხმის მიცემა 22 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიამ მისი გადადება გამოიწვია.
პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებამ ბევრ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინს სურს პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 წლით გაიხანგრძლივოს.
ცვლილებების მიხედვით ვლადიმირ პუტინს ექნება შესაძლებლობა მეხუთე და მეექვსე ვადით დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე 2024 და 2030 წლების არჩევნების შემდეგაც. ამ დრომდე არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს ორ ვადაზე მეტი ხნით თანამდებობაზე დარჩენა ეკრძალება.
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთს უკვე 20 წელზე მეტია მართავს.
Facebook Forum