ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არქტიკული ტემპერატურა რუსებს არ აშინებს


არქტიკული ტემპერატურა რუსებს არ აშინებს
არქტიკული ტემპერატურა რუსებს არ აშინებს

ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა შაბათს თბილი ბინა და პუტინის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზნით ქუჩებში გამოვიდა. აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის რუსეთში და უკრაინაში იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი იშვიათი სიძლიერის ყინვებით აღინიშნა. რუმინეთში, პოლონეთში, სერბეთში და ბულგარეთში მკაცრ ზამთარს ასობით ადამიანი შეეწირა. როგორც ჩანს, მსგავსი ახალი ამბები და არქტიკული სუსხი რუსეთის მოქალაქეებს არ აშინებს.

„მივხვდი, რომ აღარ შეიძლებოდა სამზარეულოში ჯდომა და ამ თემაზე მხოლოდ მეგობრებთან საუბარი. გარეთ უნდა გამოვსულიყავი და თვითონ მეზრუნა იმაზე, რომ მთავრობაზე ზემოქმედება მოვახდინოთ. მათ უნდა დავანახოთ, რომ არ ვეთანხმებით იმას, რაც ქვეყანაში ხდება“ - ამბობს მოსკოველი გიორგი.

რუსები გაუსაძლის ყინვაშიც კი ხუმრობენ. ანტონ გლოტოვი სასაცილო ტანკის მასკარადშია გამოწყობილი. მას სურს მთავრობას დაანახოს, რომ ტანკები ოპოზიციასაც ჰყავს.

„არა მგონია მთავრობა ამ მოვლენების გამო შეიცვალოს. მაგრამ იქნებ ხალხი უფრო თავისუფლად გამოვიდეს გარეთ და დაიწყოს თავისუფლად გაღიმება, ისე, როგორც ამერიკაში იღიმებიან. იქნებ დასრულდეს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის შიში რუსეთში. ესეც დიდი პლიუსია“ - ამბობს ის.

დანილა ტერენტევიჩის აზრით შოკისმომგვრელი რუსული ყინვა კი არ არის, არამედ ის კორუფცია, რომელშიც ქვეყანაა ჩაფლული. ის არგენტინაში ცხოვრობს და რუსეთში ვიზიტით იმყოფება.

„როდესაც არგენტინელები კორუფციაზე ჩივიან, სულ ვეუბნები: ხალხო, თქვენ ჩვილი ბავშვები ხართ რუსეთთან შედარებით. ჩამოდით იქ და ნახავთ, ნამდვილი კორუფცია რა არის“ - ამბობს დანილა.

კომპიუტერული პროგრამისტი ტარას მაზარი უფრო სერიოზულადაა განწყობილი. ის მიტინგზე მამასთან, დებთან და საცოლესთან ერთად მოვიდა. ტარასი ამბობს, რომ დღეს რუსეთში გადამწყვეტი მომენტი დადგა. მხოლოდ ახლა შეიძლება უკიდურესი რადიკალიზაციის თავიდან აცილება.

„მთავრობას ახლა აქვს შანსი, რომ მოგვისმინოს. ჩვენ აქ ამისთვის მოვედით. თუ არა და რევოლუცია არ აგვცდება“, ამბობს ის.

ტარასს და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ პუტინი 4 მარტის არჩევნებსაც გააყალბებს და ქვეყნის სათავეში კიდევ ათ წელიწადზე მეტ ხანს აღმოჩნდება. 24 წლის ევდოკია ლაბაზოვა არჩევნებზე დამკვირვებელი იქნება და ცდილობს რაც შეიძლება მეტ მოხალისე დამკვირვებელს მოუყაროს თავი:

„ქურდები არიან, ჩვენ ხმებს იპარავენ. ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი. მათ თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. სწორედ ამიტომ ჩავეწერე მოხალისე დამკვირვებლად. შეძლებისდაგვარად შევეცდები ამ განუკითხაობას ხელი შევუშალო“ - ამბობს ევდოკია.

პოლიტოლოგი ნატალია ზორკაია „ლევადის გამოკითხვების ცენტრიდან“ აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაზე მოსულთა უმეტეს ნაწილს უმაღლესი განათლება აქვს და მოვლენებშიც კარგად არის გათვითცნობიერებული. რაც შეეხება მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ფენას, რომელიც იქ იმყოფება, ისინიც უმეტესად უნივერსიტეტების სტუდენტები არიან და მათი განწყობაც საბრძოლოა. ეს სოციოლოგებისთვის დიდი სიურპრიზი იყო, აღნიშნავს ექსპერტი. „ყოველთვის გვეგონა, რომ წარმატებულ მოსკოველებს მხოლოდ ქვეყნის დატოვების სურვილი ამოძრავებდათ“.

არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. 4 მარტი და გაზაფხულის მოლოდინი პუტინისთვის შეიძლება ძალიან მალე ცხელ ზაფხულად გადაიქცეს.

XS
SM
MD
LG