ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები შავ ზღვაზე


რუსეთის "სამხედრო კულტურიზმს" დასავლეთი უჩვეულო დუმილით პასუხობს, საქართველო კი აცხადებს, რომ წვრთნები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, იქნება ეს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამები, ჩინეთის ეკონომიკური აღზევება, ომი ავღანეთში თუ სხვა, რუსეთის ხელისუფლებას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანა დასუსტებული ზე-სახელმწიფოს პოზიციიდან გამოიყვანოს და კვლავ ისეთ ძალად აქციოს, რომელსაც ადვილად იგნორირებას ვერავინ გაუკეთებს. ამის დასტური სამხედრო ძალის ხშირი დემონსტრირებაა, რომელსაც მოსკოვი ყოველ შესაძლებლობაზე აკეთებს - უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით ხშირად.

9 მაისის აღლუმისთვის მზადება წელს განსაკუთრებით ადრე დაიწყო - 3 მაისს ღამით წითელ მოედანზე ტანკებით, ჯავშან-მაქანებითა და სხვა მძიმე სამხედრო შეიარაღების სვლის რეპეტიცია ჩატარდა. მოსკოველები სამხედრო ძალის დემონსტრირებას სიამაყით შეხვდნენ.



უკანასკნელ პერიოდში რუსეთი განსაკუთრებით ხშირად მიმართავს მსგავს „სამხედრო კულტურიზმს“ ზოგჯერ დასავლეთის, ზოგჯერ აღმოსავლეთის და ზოგ შემთხვევაში კი მეზობლების დასანახად. თუმცა, საკმაოდ იშვიათია, როცა მოსკოვი საკუთარი მასობრივი სამხედრო ძალის - საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სპეც-დანიშნულებისა და სტრატეგიული (ბირთვული) დანაყოფების - მობილიზებას მთელს ქვეყანაში ერთდროულად აკეთებს.

პუტინი წითელი არმიის შესაძლებლობებისა და იმიჯის აღდგენას და ჯარის მოდერნიზაციას ცდილობს. დასავლეთი და განსაკუთრებით კი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (ნატო) ამ პროცესს თვალს უჩვეულოდ პასიურად ადენებს. 28 მარტს პუტინმა შავი ზღვის ფლოტის ფართომასშტაბიანი სამხედრო სავარჯიშოს ჩატარების ბრძანება ბრაზილიაში გამართული ბრიკსის სამიტიდან სამშობლოში უკან მიმავალმა თვითმფრინავიდან დილის 4 საათზე გასცა.

სავარჯიშოში მონაწილეობა 7000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, 36-მა საბრძოლო გემმა, 250-მა ბრონირებულმა მანქანამ, 50-მა საარტილერიო საქვემეხო დანადგარმა და დაახლოებით 20-მა თვითმფრინავ-გამანადგურებელმა მიიღო. სავარჯიშო დაახლეობით 72 საათში დასრულდა და შავ ზღვაზე მობილიზებული სამხედრო ერთეულები საკუთარ ბაზებს დაუბრუნდა.

შავ ზღვაზე ჩატარებული წვრთნის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული რაკეტების სარდლობამ ტვერის ოლქში მდებარე სარაკეტო ბაზის მოულოდნელი შემოწმება, სარატოვში მდებარე შორი-რადიუსის სახემელეთო ავიაციის ძალების დაუგეგმავი წვრთნები და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დისლოცირებული რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ საბრძოლო ჭურვებით საწვრთნელი გასროლები ჩაატარა.

რუსეთის მიერ საზღვაო ძალის ასეთმა მოულოდნელმა დემონსტრირებამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს შავ ზღვაზე სამხედრო წვრთენების ჩატარებსთან დაკავშირებით. „წვრთნები საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სიახლოვეს ტარდება[...] საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით[...],“ ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, მოსკოვმა კიევს 6 დღით ადრე შეატყობინა წვრთნების შესახებ და შესაბამისად, უკრაინის მხრიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მობილიზებას მკაცრი განცხადებები არ მოყოლია. ასევე, თითქმის არ გაჟღერებულია მკაცრი განცხადებები შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისგან. ნატომ საქართველოს პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული და შეიძლება იქთვას რბილი შეფასება გააჟღერა.

საინფორმაციო სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ალიანსმა სავარჯიშოს შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა შესაშფოთებელს სავარჯოშოს ჩატარებაში ვერაფერს ხედავს: „წვრთნების ჩატარება შეიარაღებული ძალების საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია. ნატოც ატარებს სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.“ თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, მოსკოვს სავარჯიშოს მასშტაბებზე ბრიუსელისთვის ინფორმაცია გაეზიარებინა. მან უკმაყოფილება მხოლოდ მსუბუქი იუმორით გამოხატა და თქვა, „ჩემს [რუს] კოლეგებს ვუთხარი შეეძლოთ ნატოსთვის ეთქვათ [სავარჯიშოს შესახებ]. ვიცით როგორ შევინახოთ საიდუმლო.“

რუსეთის სამხედრო მანევრების შემდეგ პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ ევალებოდა რეგიონის ქვეყნებთან წვრთნების წინასწარ შეთანხმება იმის გამო, რომ სავარჯიშოში 7000-ზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ყოველთვის უარყოფითად აფასებს საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს. შავი ზღვის მანევრებამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამერიკა-საქართველოს ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ის რეგიონალური სტაბილურობის საფრთხედ შეაფასა. შედარებისთვის საინტერესოა სავარჯიშოების პროპორცია - ქართულ-ამერიკულ სავარჯიშოში დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობდა, ანუ შავი ზღვის სავარჯიშოს პერსონალის ოდენობის დაახლოებით 5 პროცენტი.

უკანასკნელი წვრთნა კრემლის მიერ მორიგი მცდელობაა მსოფლიოს და განსაკუთრებით ნატოს დაანახოს, რომ რუსეთი ერთპიროვნული ჰეგემონია რეგიონში. ამ ფონზე, ალიანსის ერთი შეხედვით გულრილი დამოკიდებულება ნატოს მიერ „პუტინის დოქტრინის“ მხარდაჭერად თუ არა, სულ მცირე მისაღებად გეგმად შეიძლება იქნას აღქმული. პუტინის დოქტრინა მის მიერ საპრეზიდენტო ვადის მეორედ დაწყებიდან მოკლე ვადაში გაკეთებულ დეკლარაციას დაერქვა, რომლის თანახმადაც რუსეთი ეცდება ბირთვული ზე-სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებას, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გლობალური მასშტაბებით გაზრდას და რუსული ენის, კულტურისა და ისტორიის მთელს მსოფლიოში რეკლამირებას.

ასევე, საყურადღებოა სამხედრო მანევრების მიკრო-კონტექსტიც. რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ოპერაციებს ძირითადად შავი ზღვის ფლოტი ხელმძღვანელობდა. ომის შედეგ, კრემლმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო იმ შეცდომებზე დაყრდნობით და იმ სისუსტეების აღმოსაფხვრელად, რომლებიც საქართველოსთან ომის დროს გამოვლინდა. იმავე სარდლობის მიერ დაუგეგმავი წვრთნების წარმატებულმა ჩატარებამ საერთაშრისო თანამეგობრობას დაანახა, რომ რუსეთმა დაძლია რიგი სისუსტეები და სულ რამდენიმე საათში დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზაცია შეუძლია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 29 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული დანაყოფები სავარჯიშოში მონაწილეობას არ ღებულობდნენ და რომ სავარჯიშო საქართველოს პორდაპირ საფრთხეს არ უქმნიდა.

უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ რუსეთის მოულოდნელი სამხედრო სავარჯიშო საფრთხედ პოლიტიკური განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი შეხედულებაა სწორი თუ არასწორი, ერთი რამ ცხადია - რუსეთს საქართველოს საზღვართან გამანადგურებელი სამხედრო ძალის მობილიზება რამდენიმე საათში შეუძლია.

კრემლის მხრიდან დაუგეგმავი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს შეიარაღებული ძლების მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაფასოს. უფრო რთული სათქმელია ის, თუ რატომ არ გააკეთა ნატომ მკაცრი რეაგირება მოსკოვის მასშტაბურ მანევრებზე მაშინ, როცა შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნიდან სამი - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - ნატოს წევრი ქვეყანაა, ერთი თავად რუსეთია, ერთი უკრაინა (ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოსკოვმა სავარჯიშოს შესახებ შეატყობინა) და ერთი კი საქართველო - ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი, მათ შორის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნახევარზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპუირებული.
XS
SM
MD
LG