ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხედრო მზაობას ინსპექციებით ამოწმებს


რუსეთმა სახმედრო ძალების მზაობის 9-დღიანი შემოწმების პროცედურა დაასრულა. ინსპექციის ჩატარებაზე ბრძანება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა გასცა და ვადად 14-22 ივნისი დააკონკრეტა.

როგორც "ამერიკის ხმის" რუსული რედაქცია გვატყობინებს, ინსპექციის საგანი იყო რუსეთის არმიის ოთხივე დანაყოფი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წვრთნების დაწყებაზე საქმის კურსში ჩააყენა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი ხაზგასმით განაცხადა, რომ “სამხედრო წვრთნები მეზობლებს საფრთხეს არ უქმნის.”

2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის და სირიაში სამხედრო ჩარევის შედეგად, ნატოს და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ რუსეთის უცაბედი წვრთნები, ბალტიისპირეთში ნატოს მიერ 3-19 ივნისს ჩატარებულ წვრთნებზე პასუხია.

მარკ გალეოტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის პროფესორი, ასე არ მიიჩნევს, მისი აზრით ინსპექციის სამიზნე თვითონ რუსეთი უფროა.

“რაც არ უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს ქაღალდზე რუსეთის სარეზერვო სისტემა, ის გაუმართავია. ცენტრი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას აღჭურვილობის და ინვენტარის შესახებ, იმაზე თუ რა მოცულობის იარაღს ფლობს, რა მოიპარეს, რა დაიკარგა ან რამდენი მუშაობს გამართულად. იგივე ეხება რეზერვის მობილიზებას - რამდენი ადამიანი დარჩა რეზერვში, რამდენი დაიღუპა, რამდენმა გაიარა მომზადება, ეს ინფორმაცია ცენტრისთვის უცნობია,” ამბობს გალეოტი.

მისივე თქმით, მსგავსი წვრთნების მიზანი სამხედრო კომისარიატების გააქტიურება და მომზადებაცაა:

“ეს შეიძლება ოპორტუნისტული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ის უბრალოდ დროში ემთხვევა ნატოს მიერ ჩატარებულ წვრთნებს და განზრახული პასუხი არ არის, ამ ინსპექციის მიზანი მობილიზაციის სტრუქტურების შემოწმებაა.”

ინსპექციის დროის შემთხვევითობას არ იზიარებს ევგენი ბუჟინსკი, გადამდგარი გენერალი და ამჟამად მოსკოვში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია RIP ცენტრის თანამშრომელი.

“ეს ინსპექცია დროულია. ნატო ძალიან აქტიურია. საპასუხოდ აქტიურობას ცდილობს რუსეთიც. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ბუნებრივია.”

ბუჟინსკის თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი შეეჩვია იმას, რომ რუსეთის ჯარები არ ემზადებიან, “არ დაფრინავენ, არ ატარებენ წვრთნებს, არაფერს აკეთებენ.”

რუსეთის სამხედრო სფეროში 2008 წლიდან დიდი ცვლილებები მოხდა, რეფორმების მთავარი მზიანი სისტემის მოდერნიზაცია და სტანდარტების ამაღლებაა.

XS
SM
MD
LG