რუსეთი ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას მიესალმება. ირანთან მიმდინარე ხანგრძლივ მოლაპარაკებებში რუსეთი თვითონაც იყო ჩართული და დასავლეთს სხვა მწვავე საკითხებზეც უფრო მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გარიგებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში მეტ თანამშრომლობას, თუმცა განსხვავებული მიდგომა სირიის და უკრაინის საკითხებთან მიმართებაში ისევ შენარჩუნდება.
რუსეთის მაღალჩინოსნები ირანთან თვის დასაწყისში მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას განიხილავენ და თავს იწონებენ, იმაზე მეტად ვიდრე შეერთებული შტატების ოფიციალური პირები. როცა შეერთებულ შტატებში შეთანხმებას ინსპექტირების სისუსტის გამო აკრიტიკებენ, კრემლი მხოლოდ მის წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ შეთანხმება აძლიერებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ვალდებულებას და აქვს პოზიტიური გავლენა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. პრეზიდენტმა ობამამ შეთანხმების მიღწევაში რუსეთის როლს ხაზი გაუსვა და თქვა, რომ მისი მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვის, როგორც დამასკოს მოკავშირის გარეშე.
"გასული სამი წლის განმავლობაში, რუსებმა რუსეთ-ამერიკის დიალოგის კონტექსტში არსებული ყველა პრობლემის და რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის მიუხედავად, ბირთვულ საკითხზე გარიგების დროს ლოიალურობა გამოიჩინეს,“ ამბობს ნიკოლაი კოჟანოვი, კარნეგის მოსკოვის ცენტრის მკვლევარი.
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, გერმანიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანი ირანის ბირთვული შეიარაღების ამბიციის შეჩერებაა. რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ირანი დათანხმდა, რომ საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ ბირთვული პროგრამის ინსპექტირება განახორციელოს, რათა დარწმუნდნენ რომ შეთანხმება სრულდება. ამის საპასუხოდ ირანზე დაწესებული სანქციები მოიხსნება. სერგეი ლავროვი ხაზგასმით აცხადებს, რომ ირანის საკითხზე თანამშრომლობა სხვა კრიზისების მოსაგვარებლადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ანდრე ბახლიცკი, მოსკოვში ბაზირებული რუსეთის ატომური გაუვრცელებლობის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ირანის შეთანხებამ შეიძლება განაახლოს სამუშაოები ისეთ თემებზე, როგორიცაა ანტი-ტერორიზმი და ახლო აღმოსავლეთი.
მისი თქმით, ამას არ ექნება იმ საკითხებზე გავლენა, რომლებზეც რუსეთი და დასავლეთი ვერ თანხმდებიან. "ცხადია რომ უკრაინის და სირიის საკითხებზე რუსეთს და დასავლეთს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსაკუთრებით ყირიმზე, მიმაჩნია რომ ამჟამად ამ თემაზე თანხმობა არ არსებობს," ამბობს ის.
რუსეთსა და დასავლეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც გასულ წელს მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. სირიაში კი რუსეთმა შუამავლის როლი შეასრულა ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. თუმცა კრემლი განაგრძობს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერას მაშინაც, როდესაც მას მოსახლეობის წინააღმდეგ ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს რეგიონში აღზევებამ თანამშრომლობის თემა კვლავ წამოჭრა.
"რა თქმა უნდა არის ნათელი ნიშანი, რომ რუსების ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, იმედია ამერიკელების სურვილი იქნება გამონახონ საერთო ენა მიმდინარე მოვლენებზე და პრობლემების მოგვარების გზებზე რადგან შეუძლებელია სირიის და ერაყის კრიზისები მხოლოდ ამ ქვეყნების საზღვრებში განვიხილოთ,“ ამბობს კოჟანოვი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს სირიის საკითხის დარეგულირებას, სადაც დასავლეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელისუფლებას შეცვლა სურთ და ამ ფონზე რუსეთი კვლავ რჩება დამასკოს ერთ-ერთ მოკავშირედ. ამავდროულად შესაძლოა ამ პროცესში დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალი გამოიყენოს. ლავროვმა პრეზიდენტ ობამას ციტატა მოიყვანა, სადაც ის ამბობს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების შემდეგ შეიძლება შეერთებული შტატების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საჭიროება ევროპაში აღარ იყოს.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანის ბალისტიკურმა პროგრამამ გაააქტიურა სისტემის არსებობის საკითხი ევროპაში, თუმცა რუსეთს ეშინია რომ ამის მიზანი მოწინააღმდეგის შეჩერების პოლიტიკაა. ამის მიუხედავად ირანის ბალისტიკური რაკეტები ბირთვული ხელშეკრულების გარიგებაში არ შესულა და თავდაცვითი პროგრამა ისევ ძალაში რჩება.
ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დაძაბულობად არ ღირს, სხვები კი აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაფორმებული ბირთვული შეთანხმების გამო შეერთებულ შტატებს კარგი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ თავისი პროგრამის შენარჩუნების დაცვა განაგრძოს.