ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საფრთხე ევროპულ არჩევნებზე


ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა
ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა

ვაშინგტონში დისკუსია იმის გარშემო, რომ მოსკოვი შეეცადა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას, გრძელდება. ხოლო ევროპაში შიშობენ, რომ ამერიკის შემდეგ, კრემლი შეეცდება კონტინენტზე მიმდინარე პროცესებში ჩარევას. 2017 წელს საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში მოსახლეობა ქვეყნის ახალ ლიდერებს აირჩევს. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი უკვე ცდილობს მათ არჩევნებში ჩარევას. თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მთავარი არქიტექტორის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დამარცხება, რუსეთის მთავარი მიზანია.

დეკემბერში, სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საგარეო ძალები, შესაძლებელია, ქვეყანაში არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადონ. მისივე თქმით, გერმანიაში ლიდერებმა ამომრჩეველს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ასევე ნათლად გააცნონ მათ საკუთარი პოზიციები.

„უნდა მივაწოდოთ ამომრჩეველს ინფორმაცია და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს გაღიზიანების უფლება, უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია და ვეცადოთ მასთან გამკლავებას“, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი მეოთხედ იყრის კენჭს გერმანიის ლიდერის პოსტზე. მერკელის აქილევსის ქუსლი საიმიგრაციო კრიზისია. 2015 წლის განმავლობაში გერმანიამ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტი მიიღო. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას და მიგრანტების წინააღმდეგ სენტიმენტების უფრო გაღვივებას.

იანვარში, ეთნიკურად რუსი, გერმანელი ახალგაზრდის ყალბი ისტორია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ის მიგრანტების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. რუსეთი გერმანიას, მომხდარის დაფარვაში დებდა ბრალს. მოგვიანებით, გოგონამ განაცხადა, რომ ისტორია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ევროპული რეფორმების ცენტრის მიმომხილველის, იან ბონდის თქმით, არჩევნებამდე რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად შეეცდება დეზინფორმაციის გავრცელებას.

„რუსებს შეუძლიათ ამის გამოყენება გერმანიის და საფრანგეთის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებელთა მიღების პოლიტიკა პირდაპირ უკავშირდება ანგელა მერკელს. ეს თემა, შესაძლოა, მის სისუსტედ იქცეს“, - განაცხადა ბონდმა.

ულტრა-მემარჯვენე მიგრანტთა მოწინააღმდეგე პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, კვლევების მიხედვით, პოპულარობას იძენს. ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომლის, ტორსენ ბენერის თქმით, ბერლინში, სამშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, შესაძლოა პარტიის მხარდაჭერა გაიზარდოს.

„თუ საიმიგრაციო კრიზისი განმეორდება, ევროკავშირის და თურქეთის შეთანხმების გართულების შემთხვევაში ამან ასევე შესაძლოა გერმანიაზე ზეწოლა გააძლიეროს“, - აღნიშნა ბენერმა.

ევროპის მასშტაბით ულტრა-მემარჯვენე პარტიებს მოსკოვთან ახლო ურთიერთობა აქვთ. საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტია "ეროვნულმა ფრონტმა" რუსული ბანკიდან 10 მილიონი დოლარის ღირებულების სესხი მიიღო, რომელსაც არჩევნებზე გამოიყენებს. იან ბონდის თქმით, პოპულისტურ პარტიებს ერთიანი მიზანი ამოძრავებთ, ეს ევროკავშირის დაშლაა.

„რუსეთის გადმოსახედიდან, თუ მოახდენ ევროპის დაცალკევებას და ცალკეულ სახელმწიფოს მოუძებნი სუსტ წერტილს ან მოახერხებ, რომ მათ გაუჩნდეთ განცდა, რომ საჭიროა რუსეთის გათვალისწინება, ეს დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნა ბონდმა.

მისი აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან ერთად, ევროპის ერთიანობას ყოველი მხრიდან მოუწევს გამოცდის გავლა.

„ტრამპს, როგორც პუტინს, ურჩევნია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა ვიდრე მრავალმხრივი. აქედან გამომდინარე, არ მგონია მან იმაზე იდარდოს დასუსტდება თუ არა ევროკავშირი მომავალ ევროპულ არჩევნებზე რუსეთის ქმედებების შედეგად“, - ამბობს ბონდი.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის NATO-ს წევრმა მოკავშირეებმა უფრო მეტი თანხები უნდა გაიღონ თავდაცვაზე, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სურს დასუსტებული ევროკავშირის ნახვა.

ევროპის ლიდერები იმედოვნებენ, რომ თუ ადრევე შეეცდებიან საფრთხის გამოვლენას, მოსკოვის გავლენა შესაძლოა განეიტრალდეს. თუმცა მიმომხილველთა აზრით, რუსული პროპაგანდა უკვე შეუდგა მუშაობას.

XS
SM
MD
LG