ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონში ორ დღეში მეორე გამარჯვება მოიპოვა


რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა კონტროლი აიღეს სოფელ ნოვომიხაილივკაზე, უკრაინის ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე დასახლებაზე. ეს მეორე წინსვლაა, რომლის შესახებაც რუსეთი ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტო "როიტერსმა" დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილის მოხსენებაში განაცხადა, რომ კიევის ძალები აგრძელებენ რუსეთის მცდელობების შეკავებას სოფელთან წინსვლისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა სამხრეთში მყოფმა ჯგუფმა სრულად აიღო ნოვომიხაილივკა და გააუმჯობესა ტაქტიკური მდგომარეობა ფრონტის ხაზზე.

კვირას რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ კონტროლი აიღო ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ბოჰდანივკაზე. ბოჰდანივკა ჩასივ იარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს უკანასკნელი კი სტრატეგიული ქალაქია, რომელიც მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე. რუსეთის მიერ ამ ქალაქის აღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გზა გაუხსნას რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე "ციხე ქალაქისკენ".

თუ რუსეთის მიღწევები დადასტურდება, მაშინ ის კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობას. პაკეტი შაბათს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ახლა მოსალოდნელია, რომ მას ამ კვირაში სენატიც დაამტკიცებს და საბოლოოდ ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას მოუწოდა ვაშინგტონს, სწრაფად გადააქციოს კანონპროექტი კანონად და განაგრძოს იარაღის რეალური გადაცემა უკრაინისთვის. პრეზიდენტის თქმით, შორი დისტანციის იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები ახლა მათი უმთავრესი პრიორიტეტებია.

XS
SM
MD
LG