ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთში უკვე რამდენჯერმე კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკვე მეოთხე დღეა, რაც გარდაცვალების რეგისტრირებული რაოდენობა რეკორდულია. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გართულებებით 999 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რიცხვი კი ასევე, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს ყველაზე მაღალია - 32 196.
კრემლი ლეტალური შემთხვევების ზრდას ვაქცინაციის ნელ კამპანიას აბრალებს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი არც ხელისუფლებას და არც ახალ სამედიცინო პროდუქტს არ ენდობა.
რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მისივე შემუშავებულ-წარმოებული ვაქცინა - სპუტნიკ V დაამტკიცა. მიუხედავად პანდემიის მასშტაბური გავრცელებისა, კრემლმა უარი თქვა ეროვნულ დონეზე შემზღუდავი ზომების გამოყენებაზე და ადგილობრივ მთავრობებს უფლება მისცა, თავად გადაეწყვიტათ ამ ზომების აუცილებლობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 ოქტომბრის გამოსვლაში ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და კანონმდებლებს მოსახლეობის წახალისებისკენ მოუწოდა. 12 ოქტომბერსვე პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა თქვა, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი - 43 მილიონი ადამიანია აცრილი.
Facebook Forum