ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლზე ობამა "მეორე რაუნდს" იწყებს


გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 49% უჭერს მხარს იარაღზე კონტროლის გამკაცრებას

გასულ კვირას სენატში იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კენჭისყრა მხოლოდ პირველი რაუნდი იყო იარაღით ძალადობის შემცირებასთან ბრძოლაში. თუმცა, ამერიკელების ნაწილი მეორე რაუნდის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

პოლიტიკური მარცხის მიუხედავად, თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯეი კეარნი აცხადებს, რომ ბრძოლა იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე ისევ გრძელდება.

ჯეი კარნი: მე არ მაქვს ხელთ საკანონმდებლო სტრატეგია ამასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე რაუნდი იწყება.

თეთრი სახლიდან ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. კერძოდ, დაიწყებს თუ არა ადმინისტრაცია კონგრესზე ზეწოლას, იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე კანონის მიღების მიზნით.

წარმომადგენელთა პალატაში არსებული პროექტის მიხედვით, ორპარტიული კანონი ითვალისწინებს იარაღის მყიდველთა მონაცემების შემოწმებას. დემოკრატი მაიკ თომსონი, რომელიც იარაღით ძალადობის პრევენციის საკითხთა ჯგუფის ხელმძღვანელია, რეპუბლიკელ პიტერ კინგთან ერთად ამ ბრძოლის მეთოდების ავტორია.

თუმცა, რესპუბლიკელების უმრავლესობით დაკომპლექტებული წარმომადგენელთა პალატა ჩანს ნაკლებად პროდუქტული იქნება იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ვიდრე დემოკრატების მიერ კონტროლირებადი სენატი, სადაც კანონის მისაღებად საჭირო 60 ხმა ვერ მოგროვდა.
თომსონის თქმით , სიტუაციის პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მან რესპუბლიკელ კანონმდებელს სთხოვა, რომ მისი სახელი კანონის თანაავტორად ჩაეწერა.

მაიკ თომსონი: პიტერ კინგმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, თუმცა აღარ სურდა მის თანაავტორად დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამომრჩევლების 93 % პროცენტი კანონპროექტს მხარს უჭერს.

ამასობაში იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ და სხვა იარაღის მფლობელთა საზოგადოებებმა დიდი შრომა გაწიეს საკუთარი ორგანიზაციების წევრთა მობილიზებით კანონპროექტის ჩავარდნის მიზნით.

ამერიკის იარაღის მფლობელთა საზოგადოების იურიდიული კონსულტანტი მაიკლ ჰემონდი ამბობს, რომ ამგვარი ლობირება კანონმდებლების შიშს იწვევს.

მაიკლ ჰემონდი: მათი შეშფოთების მიზეზი იარაღის მფლობელი მილიონობით ამერიკელია. რომლებიც რეკავენ კონგრესში და სენატორებს არწმუნებენ მათი მოსაზრების სისწორეში.

როგორც ჩანს საზოგადოების მხარდაჭერა იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე კონექტიკუტში 20 ბავშვის და 6 მასწავლებლის მკვლელობის მიუხედავად მაინც შენელდა.

ახალი გამოკითხვის მიხედვით, იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ახალი კანონის მიღებას მხოლოდ ამერიკელების 49% ემხრობა. კანონის მისაღებად პრეზიდენტი ობამა კაპიტოლიუმის გარეთ ახალ ვარიანტებს განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის ჩავარდნის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის გადამჭრელ ზომებს მიმართავს იარაღით ძალადობის შესამცირებლად.

ბარაკ ობამა: კონგრესის გარეშეც ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს მოსახლეობის დასაცავდ. ისინი აპირებენ რომ აამოქმედონ ბარიერები სხვადასხვა შტატებში იარაღის მყიდველთა მონაცემების შესამოწმებლად. ასევე დაგეგმილია სკოლებში უსაფრთხოების მიზნით საგანგებო ზომების შემუშავება.

თუმცა, პრეზიდენტი ობამა ამერიკის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს განახორციელონ ზეწოლა კანონმდებლებზე იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონის მისაღებად.
XS
SM
MD
LG