ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას კამპანია იარაღის წინააღმდეგ


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აქტიურ კამპანიას აწარმოებს ამერიკაში იარაღის კონტროლის გასამკაცრებლად

დეკემბერში კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ თაუნში მასობრივი მკვლელობის ფაქტი მოხდა, რომლის დროსაც დაწყებითი სკოლის 20 ბავშვი და ექვსი მასწავლებელი დაიღუპა. მას შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აქტიურ კამპანიას აწარმოებს ამერიკაში იარაღის კონტროლის გასამკაცრებლად.

ნიუ თაუნის ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებრივი ყურადღება თითქოს მოდუნდა იმის გამო, რომ ამერიკის იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ კონგრესში აგრესიული ლობირების კამპანია დაიწყო. რესპუბლიკელი კანონმდებლების ერთმა ნაწილმა ისიც კი განაცხადა, რომ ირაღის კანონის განხილვის შემთხვევაში, ისინი კანონპროექტზე კენჭისყრის პროცესს დაბლოკავდნენ.

ნიუ თაუნში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ის ადამიანები აფერხებენ, რომლებიც პოლიტიკური ხრიკების გამოყენებით იმუქრებიან:

„ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სენატში კენჭისყრა არ შედგეს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის სწორი მიდგომა. იარაღის კონტროლის კანონპროექტს კენჭი უნდა ეყაროს.“

ობამამ აღნიშნა, რომ კონექტიკუტის შტატმა ცოტა ხნის წინ გაამკაცრა ირაღის კონტროლის კანონმდებლობა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამერიკელების 90 პროცენტი, მათ შორის იარაღის მფლობელებიც, თანახმა არიან იმაზე, რომ იარაღის ყიდვამდე ადამიანის წარსული დეტალურად იქნას შესწავლილი.

სენატის დემოკრატებმა უნდა შეძლონ უმცირესობაში მყოფი რესპუბლიკელების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის მოპოვება იმისთვის, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანონ. სენატის დარბაზში დებატების დასაწყებად 100 სენატორიდან სულ მცირე 60-ის მხარდაჭერაა საჭირო.

სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი ამბობს:

„რესპუბლიკელებს სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მოკლული ბავშვების მშობლების სულ ცოტა ის მაინც მართებთ, რომ გონივრულ დებატებში ჩაერთონ იარაღის კონტროლის თემაზე.“

რესპუბლიკელი სენატორი ჩარლზ გრასლი დემოკრატების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება. ამერიკის ხმასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ბევრი ამერიკელი იარაღის კონტროლის კანონის გამკაცრებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ავკრძალოთ იარაღი, არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ მისი მფლობელზე დარეგისტრირება და გავაგებინოთ მთავრობას, თუ სად ინახება თითოეული იარაღი, რადგანაც ამერიკელების დიდი ნაწილი მთავრობას არ ენდობა. სწორედ ამიტომ გვაქვს კონსიტუცია და ადამიანის უფლებების კანონი. ეს კანონი ხომ მოქალაქეების მთავრობისგან დაცვას ემსახურება.“

პრეზიდენტი ობამამ სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში დაღუპული 11 ბავშვის ოჯახის წევრები ვაშინგრონში ბორტი ნომერი ერთით ჩამოიყვანა. მათ კაპიტოლიუმზე იარაღის კონტროლის გამკაცრების ლობირება უნდა დაიწყონ. პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი მიშელ ობამაც ეხმარებიან. პრეზიდენტის მეუღლე ოთხშაბათს ჩიკაგოში გამოვა სიტყვით ბავშვების წინააღმდეგ იარაღით ძალადობის აღკვეთის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG