თუკი, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი მიტ რომნი თავისი მეტოქის ბარაკ ობამას დამარცხებას შეძლებს, ის ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება. მიტ რომნის პროფილის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯიმ მალონი მუშაობდა.
რესპუბლიკელებისგან 2012 წლის საარჩევნო საგზური მიტ რომნის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, პოლ რაიანს აქვთ მოპოვებული. რომნი საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას საკუთარ ბიზნეს-გამოცდილებაზე ამახვილებდა და აცხადებდა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმარებოდა.
„მე ბევრი რამე მესმის და მინდა ეს ცოდნა ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას მოვახმარო,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.
თუკი პრეზიდენტი გახდება, ის გადასახადების დაწევას, სამთავრობო დანახარჯების შეკვეცას, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმებას აპირებს. რომნიმ განაცხადა, რომ თავისი ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში 12 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას შეძლებს.
რომნის შემოსავალი რამდენიმე მილიონით გაიზარდა, როდესაც ის „ბეინ კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფირმაა. რომნიმ დიდი როლი ითამაშა 2002 წელს სოლტ ლეიკ სიტიში ზამთრის ოლიმპიადის გადარჩენაში, რომელიც ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. იგი ერთი ვადით მასაჩუსეტის გუბერნატორის პოსტზეც იყო არჩეული.
ოთხი წლის წინ, საპრეზიდენტი არჩევნებში მან რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა წელს, თავისი რესპუბლიკელი კონკურენტები - რიკ სანტორუმი და ნიუტ გინგრიჩი დაჯაბნა და ასევე გააბათილა ეჭვები, რომელიც მის მორმონულ რწმენას უკავშირდებოდა.
როგორც ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი ამბობს, რომნი ამჟამად სათავეში უდგას პარტიას, რომელმაც პრეზიდენტ ობამას დამარცხების ვალდებულება აიღო.
„მიტ რომნი ვერ იქნება ყველაზე ენთუზიასტი კანდიდატი, თუმცა, ბარაკ ობამას დამარცხება - პიროვნების, რომელთანაც რესპუბლიკური პარტიას მკვეთრი უთანხმოება აქვს, ძალზედ ძლიერი ფაქტორია,“ - ამბობს ფორტიერი.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სფეროს, მიტ რომნი აცხადებს, რომ ობამამ ისრაელთან ამერიკის გრძელვადიან მჭიდრო ურთიერთობას ზიანი მიაყენა, ასევე არასაკმარისად მკაცრი კურსი აქვს არჩეული ირანის, ჩინეთის და რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, რომნიმ პრეზიდენტი იმ არასაკმარისი რეაქციის გამოც გააკრიტიკა, რომელიც ობამამ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ოთხი ამერიკელის, მათ შორის, ელჩის მკვლელობის დროს გამოამჟღავნა.
რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მთავარ ყურადღებას ქვეყნის დასუსტებულ ეკონომიკაზე ამახვილებს. პრეზიდენტ ობამასთან დებატების დროს მან განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ეკონომიკის გამოსასწორებლად ორპარტიული ხედვით იმოქმედებს.
„ამერიკა რესპუბლიკელებსაც უყვართ და დემოკრატებსაც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელმძღვანელობა ვაშინგტონში, რომელიც ხალხს დააახლოებს, სამუშაოს კარგად შეასრულებს და არ იფიქრებს ვინ რესპუბლიკელია და ვინ დემოკრატი. მე ეს ადრეც გამიკეთებია და შემიძლია მომავალშიც გავაკეთო,“ - განაცხადა რომნიმ.
ბარაკ ობამასთან პირველი სატელევიზიო დებატის შემდეგ, რომნის რეიტინგმა მოიმატა და მეტოქეს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რომნის ჩამოყალიბებული პორტრეტი დღევანდელი არჩევნების შედეგს განსაზღვრავს.
„ეს არის შეჯიბრი რომნის და ობამას ხალხს შორის - თუ როგორი წარმოჩინდება რომნი ამერიკელების წინაშე, პოზიტიურად თუ ნეგატიურად. ის კამპანია გაიმარჯვებს, რომელიც ამა თუ იმ კუთხით რომნის პიროვნების წარმოჩენას შეძლებს,“ - აცხადებს ქუინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი, პიტერ ბრაუნი.
მიტ რომნი 65 წლისაა. იგი 1969 წელს დაქორწინდა. მას და მის მეუღლეს, ენ რომნის ხუთი შვილი ჰყავთ.