რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები პირველი საჯარო დებატებისთვის ემზადებიან. ხუთშაბათს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მდებარე სპორტულ არენაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას 17-დან მხოლოდ 10 კანდიდატი მიიღებს. 2016 წლის საპრეზიდენტო ნომინანტის გამოსავლენად რესპუბლიკური პარტია 11 დებატებს გეგმავს, რომლებიც 6 აგვისტოს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
პირველი დებატების სპონსორები ტელეკომპანია „ფოქსი“ და სოციალური ქსელი ფეისბუქი არიან. ღონისძიების ზუსტი ფორმატი არ ხმაურდება. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეკითხვები ფეისბუქით გაიგზავნება და დებატებს მოდერირებას „ფოქსის“ 3 წამყვანი გაუწევს.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილება მხოლოდ 10 კანდიდატის შერჩევის შესახებ საზოგადოებრივ გამოკითხვებს ეფუძნება. ტელეკომპანია „ფოქსი“ აცხადებს, რომ ბოლო საუკუნეში კანდიდატების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან მხოლოდ ისინი შეირჩევიან, ვინც მათ მიერ ჩატარებულ ბოლო ხუთ გამოკითხვაში ლიდერობს. მონაწილეთა სია ხვალ 5 საათზე გამოცხადდება.