ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი თანამდებობიდან გადადგა ტრამპის პასუხის გამო ანტი-რასისტულ პროტესტეზე


სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა საკუთარი თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაში ანტი-რასისტული გამოსვლები დაიწყო და მან პრეზიდენტ ტრამპის რეაქცია ნახა ამ ყველაფერზე. ინფორმაციას გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

ფლოიდის სიკვდილის გამო ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დაშლის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი იქვე მდებარე ეკლესიაში მივიდა და ბიბლიით ხელში გამოჩნდა
ფლოიდის სიკვდილის გამო ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დაშლის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი იქვე მდებარე ეკლესიაში მივიდა და ბიბლიით ხელში გამოჩნდა

მერი ელიზაბეტ ტეილორმა, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა ეკავა საკანონმდებლო საკითხების მიმართულებით, საკუთარი გადადგომის წერილში დაწერა: ტრამპის მოქმედებები "მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩემს ღირებულებებსა და რწმენას". გაზეთის ინფორმაციით, 30 წლის ტეილორი, ყველაზე ახალგაზრდა და ასევე, პირველი შავკანიანი ქალი იყო, ვისაც ასეთი თანამდებობა ეკავა.

"პრეზიდენტის კომენტარები და ქმედებები, რომელიც რასობრივ უსამართლობასთან და შავკანიან ამერიკელებთან იყო დაკავშირებული მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩემს ძირითად ღირებეულებებსა და რწმენას", წერია ტეილორის გადადგომის წერილში, რომელიც მან მაიკ პომპეოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მისწერა.

ტეილორის სამსახურიდან წასვლა კიდევ ერთი გამოძახილია იმისა, რაც ქვეყანაში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება. 46 წლის მამაკაცი მინეაპოლისში პოლიციამ ყალბი ფულის გამოყენების ეჭვის გამო დააკავა. დაკავებისას ფლოიდი ასფლატზე იწვა, ხოლო პოლიციელს მის კისერზე ფეხი, თითქმის, 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. მიუხედავად იმისა, რომ კაცი შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, პოლიციელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ფლოიდი გარდაიცვალა.

ფლოიდის სიკვდილს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები, მოროდიორიბა და არეულობა მოჰყვა. ექპსერტების შეფასებით, ამ სიტუაციას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგად ვერ გაუმკლავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG