ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი საქართველოს შესახებ


ვლადიმერ პუტინი გუშინ, „რაშა თუდეისთან“ საუბრისას საქართველოს საკითხს საკმაოდ ვრცლად შეეხო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუშინ, „რაშა თუდეისთან“ საუბრისას საქართველოს საკითხს საკმაოდ ვრცლად შეეხო. მას არ უსაუბრია რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაყვანის თაობაზე შიდა ქართლში, ადმინსიტრაიცული საზღვრის მიმდებარედ, არც აფხაზეთში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ გათხრილი სანგრების შესახებ, მაგრამ იგი შეეხო ზოგადად კონფლიქტს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების წინაპირობებს, სოჭის ოლიმპიადის სამზადისს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. პუტინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეყო მოთმინება, რასაც მოჰყვა ომი.
„მიმაჩნია, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მე მასთან ბევრჯერ ვისაუბრე და ვფიქრობ, არ ის დაიწყებს ამის უარყოფას. მე ვეუბნებოდი, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, ყველაფერი, რაც გნებავთ, მხოლოდ არ მიიყვანოთ საქმე სისხლისღვრამდე. ისიც ყოველთვის მეუბნებოდა, დიახ, დიახ, არავითარ შემთხვევაში, მოვიკრიბავთ მოთმინებას და ვიმუშავებთ აფხაზებთანაც, ოსებთანაც. მაგრამ ყველაფერი, სამწუხაროდ, დასრულდა ომით. ბევრი თქვენი კოლეგა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ, ევროპაში, აშშ-ში, თვით საქართველოში ხშირად რუსეთს ადანაშაულებს. მაგრამ, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი მიხვდება, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია. კონფლიქტი ეთნოსებს შორის გრძელდება არა ათეული წლების, არამედ ასეული წლების მანძილზე. საქართველოში რომ ეს არ იცოდნენ, არ შეიძლება. არ შეიძლება არ იცოდნენ მეცხრამეტე საუკუნის, ოცდამეერთე საუკუნის ამბები. შეუძლებელია არ იცოდნენ ადამიანებს შორის დამოკიდებულებების თაობაზე. მართლაც რომ საჭირო იყო სახელწიფოებრივი მოთმინებითა და სიბრძნით აღჭურვა, რათა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აშენებბულიყო ურთიერთობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა. და როგორც რეაქცია შექმნილ ვითარებაზე, რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რამაც მიგვიყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამდე. მე ვერ წარმომიდგენია ნაბიჯი უკან ამ მხრივ. მე, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ეს საქართველოსთვისაც ნათელია, გარკვეულწილად. არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც საქართველო ვერ გადავა. რადგან ის იბრძვის, როგორც თვითონ საქართველოს მიაჩნია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს საკითხი მოითხოვს განხილვას დიდი ყურადღებით და მე ვიტყოდი არა მხოლოდ კომპეტენტურ გადაწყვეტას, არამედ სურვილიც კი, საკითხის მოგვარების უნდა ეყრდნობოდეს ყველა იმ ადამიანის ინტერესის პატივისცემას, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. უფრო ნათლად ვეღარ ვიტყვი. პატივისცემით თუ მოვეპყრობით ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, ვინც იქ ცხოვრობს და ამგვარ მიდგომას დავეყრდნობით და შევეცდებით გამოსავლის მოძებნას, მაშინ შეიძლება მოიძებნოს ეს, მხოლოდ ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს. გარედან ნებისმიერი გადაწყვეტილების თავს მოხვევის გარეშე,“- ამბობს პუტინი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნას სოჭის ოპლიმპიადაში მოანაწილეობის მისაღებად განიხილავს, როგორც ურთიერთოების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს. „ჩვენ ამ ნაბიჯებს ვამჩნევთ და ვაფასებთ“, - ამბობს ის.
„რაც შეეხება ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე გარკვეულ სხვა ნაბიჯებს გადადგმულს შეხვედრისთვის, ჩვენ, მათ ვამჩნევთ, შეგვიძლია ასევე მათი შეფასებაც. თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩვენ ვპასუხობთ მათ. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან სათანამშრომლოდ. გვინდა ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან. ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ძალიან ახლობელი ხალხები ვართ ერთმანეთისთვის. აი, თქვენც აქ ცხოვრობთ, გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა. გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში ქართველი, რომელთა წარმატებებითაც ჩვენ ვამაყობთ, როგორც საკუთარი მოქალაქეების წარმატებებით... კულტურულად ჩვენ ახლოს ვართ და ბევრი რამ გვაკავშირებს. უკვე აღარაფერს ვამბობ წმინდა სულიერ, რელიგიურ კავშირზე. ცოტა ხნის წინ შევხვდი ილია მეორეს, კათოლიკოს-პატრიარქს, ის ძალიან კეთილი ადამიანი და ნამდვილი ქართველია. წამიც კი არ ყოფილა ისეთი, მას საქართველოს და ქართველი ხალხი ინტერესებზე რომ არ ესაუბრა. მაგრამ ის ამას აკეთებს სიბრძნით, რბილად, მშვიდად. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის ბაზარზე ქართული საქონლის დაშვების თაობაზე. ეს, შეიძლება გადამწყვეტი საკითხი არაა, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. რაც შეეხება უმთავრეს საკითხებს, ეს უნდა გადაჭრას თვითონ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა ხალხმა დიალოგის გზით, ყოველგვარი გარეშე ძალის ჩაურევლად“,- განაცხადა პუტინმა.
დღეს, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შიდა ქართლში, ავღანეთში დაღუპული სამი ჯარისკაცის ოჯახებში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა აფხაზეთის მხარეს, ადმინსიტრაციულ საზღვარზე შექმნილი ახალი რეალობის თაობაზე. ორი დღეა იქ რუსმა მესაზღვრეებმა სანგრების გათხრა და მიწაყრილების გაკეთება დაიწყეს. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნით შეხვდება ნებისმიერ სცენარს. „გარკვეული მიწაყრილები გაკეთდა აფხაზეთის მიმართულებით ოკუპაციის ხაზზე, ჩვენ ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, ჩვენ, ქართული მხარე არანაირ პროვოკაციას არ აჰყვეს, შევინარჩუნოთ ის დამოკიდებულება, როგორიც გვაქვს რუსეთის მიმართ, საოკუპაციო ძალების მიმართ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროკოკაციას, რაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან დაგეგმილი. გარდა ამისა, ჩვენ, შეიარაღებული ძალები ვართ მუდმივ მზადყოფნაში ყველა სცენარისთვის“,- აცხადებს ირაკლი ალასანია.
რაც შეეხება შიდა ქართლის სოფლებს, სადაც რამდენიმე კვირის წინ ასევე დაფიქსირდა ადმინსიტრაციულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეების სხვადასხვა აქტივობა, ამჟამად აღნიშნული პროცესი შეჩერებულია.
XS
SM
MD
LG