მინეაპოილისის გარეუბანში, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტომობილის გაჩერებისას, პოლიციამ შავკანიან მამაკაცს ესროლა. 20 წლის დანტე რაითი მალევე გარდაიცვალა.
განვითარებული მოველენბის ფონზე, დილის ექვს საათზე, ბრუკლინ ცენტრის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიციის მიერ მოკლული მამაკაცი ნათესავებმა უკვე ამოიცნეს.
„ჩვენი შტატი გლოვობს კიდევ ერთ შავკანიან მამაკაცს, რომელსაც სიცოცხლე სამართალდამცავმა წაართვა“ - აცხადებს მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი. მისი თქმით, ის ბრუკლინც ცენტრში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს.
საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს ქალაქის მერი. „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა უსაფრთხოდაა. გთხოვთ, იყავით უსაფრთხოდ და წადით შინ“, წერს "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ბრუკლინ ცენტრის მერი, მაიკ ელიოტი.
დანტე რაითის დედა რეპორტიერებთან საუბრისას, საკუთარ შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს. ქეთი რაითის თქმით, სატელეფონო საუბრისას გაიგო, რომ პოლიციამ მის შვილს მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა.
„მესმოდა ჩხუბის ხმა და გავიგე როგორ ამბობდნენ პოლიციის თანამშრომლებია - დანტე, არ გაიქცე“ - მისი თქმი, ამის შემდეგ ზარი დასრულდა. მან შვილთან დაკავშირება კიდევ სცადა, თუმცა ტელეფონს მეგობარმა გოგომ უპასუხა და უთხრა, რომ დანტე მძღოლის სავარძელზე გარდაცვლილი იყო.
ბრუკლინ ცენტრის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა დანტე რაითის მანქანა შუადღით საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. მისი ვინაობის გადამოწმების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ის ძებნაშია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაიტის დაკავებისას, ის თავის მანქანაში ჩახტა და გაქცევა სცადა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საჭესთან მყოფ კაცს ესროლა, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და სხვა მანქანას დაეჯახა. რაითთან ერთად მანქანაში თეთრკანიანი ქალი იყო, რომელმაც სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებები მიიღო.
Facebook Forum