ბრიტანეთის კენსინგტონის სასახლეში და პარიზში პრინცესა დიანას დაღუპვიდან 20 წლისთავი აღნიშნეს. სასახლე და ავტო-კატასტროფის ადგილი ყვავილებით და სანთლებით შეამკეს. პრინცესა დიანა კენსინგტონის სასახლეში შვილებთან პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან ერთად ცხოვრობდა.
გუშინ პრინცმა უილიამმა, ჰარიმ და უილიამის მეუღლე ქეითმა სასახლის პრინცესა დიანასთვის მიძღვნილ ბაღში გაისეირნეს. დიანას ოჯახის წევრები ასევე შეხვდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებსაც ის სიცოცხლეში ეხმარებოდა.
რაც შეეხება პარიზს, პრინცესა დიანა იქ ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკების რეპლიკასთან გაიხსენეს. ქანდაკება იმ გვირაბის თავზეა განთავსებული, სადაც 1997 წელს პრინცესა დიანა ავტო-კატასტროფაში დაიღუპა.
მასთან ერთად ავტო-კატასტროფისას დაიღუპნენ მისი მეგობარი დოდი ალ ფაიედი და მძღოლი ჰენრი პოლი. ისინი პაპარაცებს გაურბოდნენ, როცა მანქანა ალმას გვირაბში ბოძს შეასკდა.
Facebook Forum