ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გავლენის სფეროს იბრუნებს


რუსეთი გავლენის სფეროს იბრუნებს
რუსეთი გავლენის სფეროს იბრუნებს

უცხოური პრესის მიმოხილვა

დღევანდელ უცხოური პრესის მიმოხილვას „ჰაფინგტონპოსტში“ საიმონ შუსტერის სტატიით დავიწყებთ. სათაურია „ობამას მიერ საქართველოს ღალატს საფუძველი გააჩნია“.

თავდაპირველად ავტორი აღწერს პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტამდე მისასვლელ დერეფანს და თავად კაბინეტს, სადაც ჯონ მაკკეინის, კონდოლიზა რაისის, ჯორჯ ბუშის და რიჩარდ გირის ფოტოებია გამოფენილი. ავტორი აღნიშნავს, რომ დერეფნიდან მის კაბინეტამდე ობამას ადმინისტრაციის არცერთი მაღალჩინოსნის ფოტო არ არის. ამის შემდეგ კი ჟურნალისტი შუსტერი ცდილობს გაარკვიოს ის მიზეზები, რამაც სააკაშვილისადმი ამერიკის ადმინსტრაციის გულაცრუება გამოიწვია. ის კონგრესისადმი პრეზიდენტ ობამას ბოლო განცხადებას იხსენებს, სადაც თეთრი სახლის მესვეურმა კანონმდებლებს რუსეთთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ მოუწოდა და პირდაპირ აღნიშნა, რომ ამისათვის საქართველო ბარიერს აღარ წარმოადგენს.

„შესაძლოა ობამამ ამით უკვე მიანიშნა, რომ ვითარების დამალვა საჭირო აღარაა: საქართველო რუსეთთან ურთიერთობის სასარგებლოდ უნდა გაიცვალოს,“ ვარაუდობს ავტორი.

ამის შემდეგ, სტატიაში საუბარია სააკაშვილის ხელისუფლების ნაბიჯებზე. ავტორი სააკაშვილის უცხოელი მრჩეველზე - ამერიკელ დენიელ კუნინზე ყვება, რომელიც ვერმონტის გუბერნატორის ვაჟია და სააკაშვილის გუნდს ვარდების რევოლუციის შემდეგ შეუერთდა. „ის ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანია. ერთერთი ნიჭიერი ვინც ოდესმე მინახავს,“ განუცხადა შუსტერს ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სააკაშვილის მწვავე მოწინააღმდეგეა. ავტორი ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდი კუნინმაც დატოვა.

სტატიის დასასრულს ავტორი ასკვნის, რომ ობამას გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანწილად სააკაშვილის იმპულსურმა და არაპროგნოზირებადმა ნაბიჯებმაც შეუწყო ხელი.

მოკლე, თუმცა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა „თაიმსმა“. სათაურია - „უკრაინაზე გავლენისათვის კრემლი ყველაფერს აკეთებს.“

„რუსეთის მისწრაფებას უკრაინაზე გავლენის გაძლიერებისათვის დაფარულს ვეღარ ვუწოდებთ. უკრაინაში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტით იმ სამთვიანი პერიოდის დასრულება აღინიშნა, როდესაც რუსეთმა უკრაინულ პოლიტიკასა და ენერგეტიკაზე გავლენის მოპოვება შეძლო,“ - აღნიშნულია სტატიაში

„ახალი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა რუსეთთან, რამაც უკრაინულ პოლიტიკაში მთელი მიმართულებების შემობრუნება გამოიწვია - მიმართულების, რომელიც უკრაინის დამოუკდებლობის დღიდან დასავლეთისკენ სვლაზე იყო აგებული,“ - აცხადებს „ტაიმსთან“ საუბარში სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის დირექტორი ჯეიმს შერი.

მედვედევის კიევში ვიზიტს მიუძღვნა სტატია ამერიკულმა „ქრისჩიან საიენს მონიტორმა“. სტატაია სარედაქციოა და სათაურიც საინეტერესო აქვს „რუსეთი გავლენის სფეროებს იბრუნებს“

სტატიაში ჩამოთვლილია ის მოვლენები, რამაც ახლო სამეზობლოში რუსეთის გავლენების გაძლიერება გამოიწვია: უკრაინა, ყირგიზეთი საქართველო.

გაზეთი ასკვნის, რომ ამ ქვეყნებში და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის გაძლიერებას აღწევს.

ამის დამადასტურებელ ბოლო მომენტად გაზეთს მედვედევის უკრაინული ვიზიტი მოჰყავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

„ხუთწლიანი ცივი ურთიერთობის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ეს სტუმრობა უკრაინა-რუსეთს შორის თბილი ურთიერთობის აღდგენას ემსახურება განსაკუთრებით ამის შემდეგ, რაც უკრაინის სათავეში მოსკოვისადმი დადებითად განწყობილი ხელისუფლება მოვიდა.“

„საბოლოოდ რუსეთს სრულფასოვანი პარტნიორი ყავს უკრაინის სახით,“ - მოჰყავს მედვედევის სიტყვები გამოცემას.

იქვე რედკოლეგია აღნიშნავს:თუ თქვენ ვერ ამჩნევთ, ჩვენ გეტყვით, რუსეთი თავის ყოფილ საბჭოთა სატელიტებზე გავლენის მოსაპოვებლად წარმატებას აღწევს. მას შემდეგ, რაც 1919 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს თავის გეოგრაფიულგავლენის სფეროზედასავლეთის შემოსვლა საგძრნობლად აღიზიანებდა.“

საბოლოოდ გამოცემა ასკვნის: “არაფერია ცუდი კარგ სამეზობლო პოლიტიკაში. შენს ეზოში სათამაშოდ მეგობრების დაპატიჟება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მათ მაშინ შეეძლებათ თავიანთ სახლებში დაბრუნება როდესაც მოუნდებათ. და თუ ეს მართლა მიპატიჟეებაა და არა ძალდატანება ან დაშინების მცდელობა.“

ძვირფასო რადიომსმენელობო, ამით ჩვენი უცხოური პრესის მიმოხილვა დასრულებულია.

XS
SM
MD
LG