დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც მედიის თავისუფლებაზე მუშაობენ იმ გამოწვევებისკენ ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, რომლებიც დღეს პრესის წინაშე დგას. ორგანიზაციებმა „მე-19 მუხლი“, "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა" და რამდენიმე სხვა არასამთავრობომ ამერიკაში ჟურნალისტები გამოკითხა. მათი ანგარიშის მიხედვით, ამერიკა, კონსტიტუციის გარანტიების გათვალისწინებით, მედიის კუთხით მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორისაა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები, სადაც ის პრესის წარმომადგენლებს „ცრუ ინფორმაციის“ გამავრცელებლად მოიხსენიებს, ვნებს მედიას ამერიკასა და მის საზღვრებს მიღმა. ტრამპის რიტორიკას მსოფლიოს გარშემო ავტორიტარი ლიდერები იმეორებენ, მათ შორის ნიკოლას მადურო, ბაშარ ალ-ასადი და ა.შ.
“ამერიკაში უკანასკნელი წლების მანძილზე მედიისადმი მუქარის ზრდის წინააღმდეგ ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს მუქარა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაზე ამერიკაში, არამედ ამას მოსდევს უკურეაქციები მსოფლიოს გარშემო “, - ამბობს ტომას ჰიუგსი, ორგანიზაცია „მე-19 მუხლი“ დირექტორი.
თეთრმა სახლმა მისი მიმართულებით გამოთქმული კრიტიკა უარყო. პრესსპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პრესისთვის „ერთ-ერთი ყველაზე ღიაა“ ამერიკის ისტორიაში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრესის თავისუფლებას, მაგრამ ასევე მხარს ვუჭერთ სამართლიან პრესას. ვფიქრობ, ეს ორი რამ ერთობლივად უნდა განიხილებოდეს, პრესას აქვს სწორი ინფორმაციის გავრცელების გარკვეული ვალდებულება“, - თქვა მან.
ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს მიღმა“-ს მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოში 23 ჟურნალისტი დაიღუპა და 176 დააკავეს.
Facebook Forum