ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქაბულის დაცემის შემდეგ ნატოს პრიორიტეტი, ქვეყნიდან მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალის და იმ ავღანელების გაყვანის ამოცანაა, რომლებიც მოკავშირეებს ეხმარებოდნენ.
“ნატოს, დაახლოებით, 800 სამოქალაქო თანამშრომელი ძალიან რთულ პირობებში საკვანძო ფუნქციების შესასრულებლად დარჩა. მათ შორისაა საჰაერო მიმოსვლის კონტროლი, საწვავი და კომუნიკაციები. მსურს მათ მადლობა ვუთხრა.
ნება მომეცით ასევე მადლობა ვუთხრა ნატოელი მოკავშირეების სამხედრო ძალებს, კერძოდ თურქეთს, შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მათ აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ითამაშეს”, თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსმა დიპლომატიური ყოფნაც შეინარჩუნა და უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი, ელჩი პონტეკორვო და მისი გუნდი მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ევაკუაციის კოორდინაცია და ხელშეწყობა მოახდინოს.
“ჩვენ იმის ერთგული ვრჩებით, რომ ევაკუაცია, მათ შორის ჩვენი ავღანელი კოლეგების ევაკუაცია რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ”, განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე თქვა, რომ თალიბანმა ხელი უნდა შეუწყოს ყველა იმ პირის გამგზავრებას, ვისაც ამის სურვილი აქვს. აეროპორტი, გზები და საზღვრები ღია უნდა იყოს. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ჩართულობის საფუძველზე შექმნილი მთავრობისათვის უნდა მოხდეს და გამოირიცხოს შურისძიება ან სამაგიეროს გადახდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი ავღანეთში სამუდამოდ დარჩენას არ გეგმავდა, მაგრამ გასულ კვირებში მომხდარი სამხედრო და პოლიტიკური ჩამოშლის ასეთ სისწრაფეს არ მოელოდნენ.
“საბოლო ჯამში, ეს იმიტომ მოხდა, რომ ავღანეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თალიბანს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ვერ შეძლო საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, რაც ავღანელებს ასე სასოწარკვეთით უნდოდათ. ავღანეთის ხელისუფლების ამ მარცხმა გამოიწვია ის ტრაგედია, რომლის მოწმეც დღეს ვართ”, თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ყურადღებით შეფასდეს ნატოს როლი ავღანეთში.
“ორი ათეული წლის განმავლობაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების და გაღებული მსხვერპლის მიუხედავად, ჩამოშლა სწრაფად და უეცრად მოხდა. ბევრი გაკვეთილი გვაქვს მისაღები”, თქვა სტოლტენბერგმა.
მან თქვა, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა ავღანეთში წარმატებასაც მიაღწიეს და 20 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის ტერორისტების პლაცდარმად გადაქცევა არ დაუშვეს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან, ვინც ახლა ხელისუფლებაში მოდის, უნდა უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა ამ ტერიტორიაზე ფეხი ვეღარ მოიკიდონ, მოკავშირეებს კი აქვთ შესაძლებლობები და სიფხიზლე, რომ ავღანეთიდან მომავალი ტერორისტების საფრთხეს პასუხი გასცენ.
Facebook Forum