შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰავაის დახმარებას დაპირდა. ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, მაუის კუნძულზე მცხოვრებ ხალხს გადამწვარი ქალაქის, ლაჰანიის აღდგენაში დაეხმაროს.
ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" (ABC) დილის პროგრამაში გამოსვლისას, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ მაუიში უკვე გააგზავნა ასობით საგანგებო სამსახურების წარმომადგენელი. მათ კუნძულზე ჩაიტანეს დიდი რაოდენობით პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები.
ქალაქში 2 200-ზე მეტი ნაგებობა და ასობით მანქანა დაიწვა. მსხვერპლის რაოდენობა მაუის კუნძულზე 110-ს აჭარბებს.
"თქვენთან ვიქნებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება, გპირდებით" - უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა ჰავაის მოსახლეობას. ჯო ბაიდენის თქმით, მაუიში "სიბნელიდან, კვამლიდან და ფერფლიდან უკვე იკვეთება სინათლე, იმედი და ძალა".
პრეზიდენტმა შეაქო საგანგებო სამსახურების და მაშველების მუშაობა და მადლობა გადაუხადა მათ. ბაიდენის თქმით, ასობით ადამიანი დღედაღამ მუშაობს იმისთვის, რომ დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინონ და ასევე, ხანძრებში დაკარგულებს მიაგნონ.
Facebook Forum