არალეგალური მიგრანტების დასასჯელად, "ისინი შვილებს უნდა დააშორო", განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
სამშაბათს, ვაშინგტონში მცირე ბიზნესის ლიდერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა დაიცვა მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა მექსიკასთან საზღვარზე არალეგალურად შემოსული ოჯახების განცალკევებასთან დაკავშირებით.
ტრამპის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ორგვარი გამოსავალი: "საზღვრების ტოტალური გახსნა ან კრიმინალური დევნა". მისი თქმით, კონგრესმა პრეზიდენტს მესამე ვარიანტი უნდა მისცეს: ასეთი ოჯახების მთლიანად დეპორტაცია.
პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სავაჭრო პალატამ ადმინისტრაციის აღნიშნული პოლიტიკა გააკრიტიკა. ეს გავლენიანი ორგანიზაცია, როგორც წესი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების პოზიციას იზიარებს.
"ეს სასტიკი პრაქტიკა არ წარმოადგენს ამერიკას და აღნიშნული პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს" - თქვა სავაჭრო პალატის ხელმღვანელმა ტომ დონოჰიუმ.
ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა სამხრეთის მეზობლის, მექსიკის მოქმედებების გამო, რასაც მეხიკოს მყისიერი უარყოფოთი რეაქცია მოჰყვა.
პრეზიდენტმა სამშაბათსვე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია საზღვარზე მიმდინარე დავის გამო. თუმცა, საზღვარზე მშობლებისა და ბავშვების დაშორება სწორედ მისმა ადმინისტრაციამ დააწესა.
სამშაბათს დღის ბოლოს, დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში რესპუბლიკელებთან შესახვედრად მივიდა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკ მიდოუსმა განაცხადა, რომ კანონმდებლებმა გამოსავალი მალე უნდა გამონახონ. ტრამპმა, კაპიტოლიუმის დატოვებისას, აღნიშნა, რომ "ეს არის კანონები, რომლებიც ათწლეულებია ირღვეოდა" და რომ მისმა შეხვედრამ რესპუბლიკურ პარტიასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით, "ძალიან კარგად ჩაიაარა".
Facebook Forum