ბირმაში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ რომის პაპი ბანგლადეშში ჩავიდა.
პაპი ფრანცისკე ადამიანის უფლებათა დამცველებმა გააკრიტიკეს, რადგან მან კონკრეტულად არც ერთხელ არ ახსენა როჰინგას ტომის წარმომადგენლები. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ პაპი მათ მცირე ჯგუფს პირადადაც კი შეხვდებოდა.
ეთნიკური ჯგუფი, ბუდისტური უმრავლესობის მქონე ბირმაში წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა სათანადო საბაზისო უფლებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი იქ თაობების განმავლობაში ცხოვრობდა, ხშირად ისინი მაინც მიიჩნევიან იმიგრანტებად ბანგლადეშიდან.
როჰინგას ტომის წარმომადგენელთა მდგომარეობა განსაკუთრებით აგვისტოში გაუარესდა. ვრცელდებოდა ცნობები მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობის შესახებ. რამაც 600 ათასზე მეტი როჰინგა აიძულა ბანგლადეშში გაქცევა ეცადა. გაერთიანებული ერების შეფასებით ეს იყო „ეთნიკური წმენდის მაგალითი“.
Facebook Forum