შეიარაღებული მამაკაცი, ცინცინატიში, ოჰაის შტატში, გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აი) შენობაზე თავდასხმის მცდელობისას, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მამაკაცის მკვლელობამდე, პოლიციამ მისი შეჩერება სცადა, თუმცა მისი დევნისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, პოლიციელმა გაისროლა.
პოლიციას ოფიციალური კომენტარი, მამაკაცის ვინაობასთან დაკავშირებით, არ გაუკეთებია, თუმცა "ნიუ-იორკ თაიმსი" და ტელეკომპანია "ენ-ბი-სი" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თავდამსხმელი 42 წლის რიკი შიფერი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგია ჰქონდა.
მამაკაცმა იგივე სახელით და გვარით, სოციალურ მედია "თრუსში", დაწერა, რომ თავდასხმას გეგმავდა. "თრუსი", რაც ქართულად სიმართლეს ნიშნავს, პრეზიდენტმა ტრამპმა მას შემდეგ დააფუძნა, რაც ის "ტვიტერმა" დაბლოკა 6 იანვარს საკუთარი მიმდევრებისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო.
"თუ ჩემგან ვეღარაფერს გაიგებთ, იცოდეთ, რომ ეს სიმართლეა, ვეცადე ეფ-ბი-აის თავს დავსხმოდი და ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ან ინტერენტზე წვდომა შემიზღუდეს, ან ეფ-ბი-აიმ დამიჭირა, ან ჩვეულებრივი პოლიციელები მომიგზავნეს...",- ნათქვამი იყო სტატუსში, რომელიც სამართალდამცავ ორგანოზე თავდასხმამდე რიკი შიფერმა გამოაქვეყნა.
მისი, ისევე, როგორც სხვა ინტერნეტ მომხარებლების ექსტრემალური აზრების შემცველი პოსტები, სოციალური ქსელიდან მას შემდეგ ჩახსნეს, რაც პოლიციამ თქვა, რომ თავდამსხმელი მოკლეს.
"ენ-ბი-სი ნიუსის" ცნობით, თავდამსხმელი 6 იანვარს, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის თავდასხმის დროს, სხვა ულტრა-მემარჯვენეებთან ერთად იმყოფებოდა.