მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პოლონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰილარი ჰეულერი ვარშავიდან იუწყება, რუსეთის პირველი პირის ოფიციალური ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა წლის მანძილზე ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში.
ბატონმა მედვედევმა პოლონეთის მთავრობასთან ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. იგი აგრეთვე პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკისა და პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრების დროს მხარეებმა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები განიხილეს. მათ შორის წინა პლანზე აპრილში სმოლენსკის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაც გახლდათ. როგორც ცნობილია ხსნებეული ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და 95 სხვა პირი დაიღუპა.
ვარშავაში ბატონ მედვედევის საპატიო კორტეჟს რამდენიმე ათეული აქტივისტისგან შემდგარი საპროტესტო დემონსტრაცია დახვდა. აქტივისტებს პლაკატები წარწერით „სმოლენსკი: ჩვენ სიმართლე გვსურს“ ეჭირათ. პოლონეთის პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობს ულტრა-მემარჯვენე ფრაქცია, რომლის წევრებს სჯერათ, რომ ავიაკატასტროფა რუსული შეთქმულების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ ვარშავაში მდებარე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მკვლევარი ვოიცეხ ბოროდზიჩ-სმოლინსკი აღნიშნავს, რომ ზოგადად სმოლენსკის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად რუსეთ-პოლონური ურთიერთობები გაუმჯობესდა.
„სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. პოლონელებმა ტელევიზიით რუსი პოლიტიკოსებისა და რუსი ხალხის ნამდვილი გრძნობები თვალნათლივ დაინახეს. შედეგად ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. რასაკვირველია ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ბევრად უფრო ხელსაყრელია სადავო საკითხების განხილვა, როცა იცი, რომ შენ პარტნიორს ადამიანობა არ აკლია,“ აღნიშნა პოლონელმა ექსპერტმა.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ურთიერთობა პოლონეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩეოდა. ხოლო ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს პოლონეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აშკარად მტრული იყო. მაგრამ ბოლო წლებში პოლონეთის პოლიტიკა შეიცვალა და ქვეყნის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა.
გასულ თვეს პოლონეთის მთავრობა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებულ საგანგებო განცხადებას დადებითად გამოეხმაურა. პირველად ისტორიაში რუსეთის დუმამ ოფიციალურად აღიარა, რომ 1940 წელს კატინის ტყეში 20,000-ზე მეტი პოლონელი ოფიცრის დახვრეტა იოსებ სტალინის ბრძანებით მოხდა. აღსანიშავია, რომ წლების მანძილზე რუსეთი ამტკიცებდა რომ ხსენებული დანაშაული გერმანელმა ნაცისტებმა ჩაიდინეს.
ორშაბათს გამართულ პრეს კონფერენციაზე ბატონმა კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ დუმას განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, ამით პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი და დადებითი ეტაპი დაიწყო.
თუმცა მართალია პოლონეთისთვის ისტორიული საკითხების მოგვარება მნიშვნელოვანია, რუსეთი არ მალავს, რომ მოსკოვისთვის მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური ინტერესები წარმოადგენს.
ამავე ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ბატონმა მედვედევმა ხაგასმით აღნიშნა, რომ რუსულ კომპანიებს პოლონეთში ინვესტიციების დაბანდება სურთ. რუსეთს ევროპასთან მეგობრული და ღია ურთიერთობების განვითარება სურს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ბუნებრივი აირის მილსადენებს უკავშირდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ მედვედევის ვიზიტი ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებას დაემთხვა. ხსენებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ ნატოს ალიანსმა პოლონეთისა და ბალტიის პირეთის სახელმწიფოების რუსეთის მხრიდან შესაძლო შეტევისგან დასაცავად სამხედრო გეგმები შეადგინა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ცდებიან, თუ ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი კვლავინდებურად ნატოს მტერია. ბატონი მედვედევი იმედოვნებს, რომ პოლონეთში მისი ვიზიტი რუსეთსა და ევროპას შორის ნდობის განმტკიცებაში წვლილს შეიტანს.