ისევ უცნობია ქართველი მეზღვაურის ბედი, რომელიც მეკობრეებმა ერთ ბერძენ და ორ ფილიპინელ კოლეგასთან ერთად დასავლეთ აფრიკაში, ტოგოს სანაპიროსთან გაიტაცეს. გატაცებული საქართველოს მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ.
თავდასხმა სანავთობო ტანკერ „ელკა არისტოტელეზე“, რომელიც საბერძნეთის დროშის ქვეშ ცურავდა, 4 ნოემბერს, გამთენიისას, იმ დროს, მოხდა, როცა გემი ტოგოს დედაქალაქ ლომეს ნავსადგურიდან 11 მილის მოშორებით, რეიდზე იდგა.
Maritimebulletin-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხეს მეკობრეებმა ტანკერზე მოხვედრა, რომელსაც შეიარაღებული დაცვა იცავდა. თავდასხმელებმა ერთი მცველი დაჭრეს და ოთხი მეზღვაური მძევლად აიყვანეს. ეკიპაჟის დანარჩენი 24 წევრი არ დაშავებულა.
ამ დრომდე მეკობრეები გემთმფლობელ კომპანია European Product Carriers LTD-ს არ დაკავშირებიან და შესაბამისად მათი მოთხოვნებიც უცნობია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ზაზა მახარაძე ამბობს:
„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ახლახანს გემის ოპერატორ კომპანიას ვესაუბრეთ. მათთან მუდმივ კავშირში საბერძნეთში საქართველოს საელჩოც. ჩვენ კავშირზე ვართ საბერძნეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მოგეხსენებათ, ერთი გატაცებული მეზღვაური მათი მოქალაქეა და გემიც ბერძნულია. გამტაცებლები ჯერ კავშირზე არ გამოსულან“ - აცხადებს მახარაძე.
საერთაშორისო საზღვაო ბიუროს (IMB - International Maritime Bureau) ცნობით, დღეისათვის გვინეის ყურე, სადაც ქართველი მეზღვაური გაიტაცეს, მსოფლიოში ნაოსნობისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია. 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, ნიგერიის, გვინეის, ბენინის, კამერუნისა და ტოგის ნაპირებთან, მეკობრეებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით, საერთო ჯამში 66 მეზღვაური გაიტაცეს.
4 ნოემბრის გატაცების შემდეგ, აფრიკის კონტინენტზე გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას უკვე სამი ქართველი მეზღვაური ელის. უკვე 2 წელი და სამი თვეა ლიბიის ციხეში, მცირე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე 32 წლის რომა კაკალაძე არიან გამოკეტილნი.
ტანზანიის დროშით მცურავი მცირე ტანკერი REX, რომელსაც თურქულ-ბერძნული კომპანია ფლობს. ლიბიის სანაპირი დაცვამ 2017 წლის 30 აგვისტოს ნეიტრალურ წყლებში „დიზელის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავა, როცა გემი კვიპროსისკენ მიდიოდა. ქართველი კაპიტანი და თანაშემწე მიიჩნევენ, რომ ბრალდება შეთითხნილია და სრულიად უდანაშაულონი არიან.
2019 წლის აპრილში, ტრიპოლის სასამართლომ კომახიძეს და კაკალაძეს 6 თვიანი პატიმრობა და ჯარიმის, სოლიდარულად 1 300 000 და 500 000 ლიბიური დინარის გადახდა დააკისრა.
მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის ვადა დიდი ხანია ამოიწურა ლიბიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას აყოვნებს და ისინი უკანონო პატიმრობაში ჰყავს. საქართველოს სახელმწიფო კი უძლურია სამოქალაქო ომში გახვეულ ლიბიის „ეროვნული თანხმობის მთავრობაზე“ გავლენა მოახდინოს.