ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების უმრავლესობა ემხრობა ავღანეთიდან ჯარისკაცების დაბრუნებას, მაგრამ აკრიტიკებენ მართვას - "პიუს" კვლევა


ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას "პიუს" ცნობილი კვლევითი ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ეხმაურება. "პიუს" გუნდმა, გამოკითხვის მეშვეობით ამ საკითხში ამერიკელთა აზრი შეისწავლა და დაადგინა, რომ გამოკითხული ამერიკელების 54% ემხრობა ამერიკელი სამხედროების შინ დაბრუნებას, მაშინ როცა გამოკითხულთა 42% ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

კვლევა აშშ-ის მასშტაბით 2021 წლის 23-29 აგვისტოს ჩატარდა, მანამ, ვიდრე ჯარების სრულად გამოყვანა დასრულდებოდა. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ამერიკული საზოგადოების 69% ფიქრობს, რომ აშშ-მ უმეტესწილად ვერ მიაღწია საკუთარი მიზნების განხორციელებას ავღანეთში.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კარგად ვერ გაართვა თავი ავღანეთში შექმნილ სიტუაციას. მხოლოდ გამოკითხულთა დაახლოებით ერთი მეოთხედი, 26% ამას ადმინისტრაციის წარმატებად თვლის და ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი სიტუაციას, მაშინ როცა 29%-ს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციამ ნორმალურად გაართვა თავი ამ პრობლემას, 29% კი ფიქრობს, რომ აშშ-მ ძალიან ცუდად იმუშავა.

კვლევა ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა ვაშინგტონი საევაკუაციო ოპერაციას ახორციელებდა ავღანეთიდან ამერიკელებისა და ავღანელი მოკავშირეების გამოსაყვანად. ცნობილია ისიც, რომ "პიუმ" ეს გამოკითხვა ქაბულის აეროპორტში 26 აგვისტოს მომხდარ აფეთქებებამდე დაასრულა. დღეს, როცა ავღანეთს თალიბების დაჯგუფება აკონტროლებს, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ავღანეთში არსებული მდგომარეობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს აშშ-ს, 26% კი მიაჩნია, რომ ეს საფრთხე მასშტაბური არ არის.

ამერიკის 20-წლიანი ომი ავღანეთში დამთავრდა. ქაბული შეერთებული შტატების უკანასკნელმა სამხდრომ 2021 წლის 31 აგვისტოს დატოვა. შეერთებულ შტატებს ავღანეთის კამპანია 2 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. სამხედრო კამპანია დასრულდა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ გაგრძელდება დიპლომატიური მცდელობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG