ილმი უმეროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის წინ აღუდგა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას. მას უფრო მკაცრი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე ამას რუსეთის ოკუპაციის რეჟიმის პროკურორი ითხოვდა.
„ეს ემატება იმ უსამართლობას, რაც მის საქმეშია ჩადებული“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეთერ ნაუერტმა. „მათ შორის, რამდენიმე კვირიანი ფსიქიატრიული დამსჯელობითი მკურნალობა.“ უფლებადამცველმა Human Rights Watch-მა მომხდარი დაგმო, როგორც უმეროვის „უფლებების საშინელი დარღვევა.“
სასამართლო პროცესზე საუბრისას, უმეროვმა აღნიშნა, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ განპირობებულია „ყველას დასასჯელად, ვინც ოკუპაციას ეწინააღმდეგება.“ მისი თქმით, ის აპირებს განაჩენის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას. უმეროვის ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა, რომ ის შიშობს, რომ რუსეთის პენიტენციალური სისტემა ვერ მოახერხებს უმეროვისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. უმეროვს პარკინსონი, დიაბეტი და გულის დაავადებები აწუხებს.
ევროკავშირმა უმეროვის განაჩენი შეაფასა, როგორც „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა", „კიდევ ერთი მაგალითი ყირიმელი თათრების დევნისა, და კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესებისა.“
უკრაინის მთავრობამ ვერდიქტი შეაფასა, როგორც „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“, რომელიც უმეროვის უფლებებს არღვევს.
უმეროვი ყირიმის თათართა თვითმმართველობის ერთეულის, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილეა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და ყირიმელი თათრების დევნის ღია მოწინააღმდეგე.
უმეროვის საქმე მსგავსია 10 სექტემბრის ყირიმის მეჯლისის თამჯდომარის მოადგილის, ახტემ ჩიგოზის და 22 სექტემბერს რადიო თავისუფლების კონტრიბუტორის მიკოლა სემენას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებისა.
ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლად გაათავისუფლონ უმეროვი და გააუქმონ მის წინააღმდეგ სასჯელი. ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად.
ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, სადაც აშშ-ის მთავრობის პოზიციაა გამოხატული.
Facebook Forum