ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ჯდება ახალი პარლამენტის მშენებლობა?


ახალი პარლამენტის მაკეტი
ახალი პარლამენტის მაკეტი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში განთავსდება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში განსახილველად მაისის შუა რიცხვებში შეიტანა, სპეციალური კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოიტანს.

თავდაპირველად, პრეზიდენტის ინიციატივით, პარლამენტის ადგილსამყოფელად ორი ქალაქი - თბილისი და ქუთაისი გამოცხადდა, საკონსტიტუციო ცვლილებით, პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების ხელშელწყობის მიზნით იყო ახსნილი.

თუმცა, საბოლოოდ, ყოველგვარი საზოგადოებრივი აზრის კვლევის გარეშე, პრეზიდენტი ითხოვს რომ პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში გადავიდეს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს:

„ყველამ უნდა მოვისმინოთ ის არგუმენტაცია, ის გეგმა რას აპირებენ, რა მიზანი აქვთ და რატომ არის პარლამენტის ქუთაისში გადატანა საჭირო?! რა აუცილებლობა არსებობს ამისა და რა სიკეთეს მოიტანს ეს მასშტაბური ცვლილება?! მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევაფასოთ, ამ გადაწყვეტილების სისწორე და მიზანშეწონილობა.

საერთოდ როცა ასეთი საკითხები არანაირად არ შეიძლება კულუარულად და კაბინეტურად გადაწყდეს. საქმე ეხება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.“

ქუთაისში,ავტოქარხნის დასახლებაში, იქ სადაც 2009 წლის დეკემბერში, „დიდების მემორიალის“ აფეთქებას დედა-შვილის 42 წლის ეკა ცუცხვაშვილისა და 11 წლის ნინო ჯინჭარაძის სიცოცხლე შეეწირა, ახალი პარლამენტი უკვე შენდება.

შენობა, რომელიც 4200 მეტრზე განთავსდება, მთლიანად შუშის კონსტრუქციაში იქნება მოქცეული და ის, ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დიეგო კაბომ დააპროექტა.

პარლამენტის შენობის მშენებლობა ქუთაისში
პარლამენტის შენობის მშენებლობა ქუთაისში

პროექტის მიხედვით, ახალ პარლამენტში იქნება 271 კაბინეტი, 11 საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და ბარი. ცალ-ცალკე მოეწყობა - პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კაბინეტები, საპარლამენტი დარბაზს ექნება ორი ლოჟა, დარბაზის ჭერი კი საქართველოს თითოეული რეგიონის რუქით მოიხატება.

ესპანელი არქიტექტორი საქართველოში შესრულებული რამდენიმე პროექტის გამო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით. მისივე პროექტით უნდა აშენდეს ქუთაისში მთავრობის სახლიც. ალბერტო დიეგო კაბო ამბობს:

„მარტო სტატიკური შენობის აგება საკმარისი არ არის. მასში კონკრეტული იდეის ჩადებაა საჭირო. ეს ამ პროექტის ყველაზე რთული ნაწილია. ქვეყნის პარლამენტის შენობას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს და პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაგეგობა გამჭირვალე იქნება.

მსოფლიოში თითქმის ყველა პარლამენტი დახურულ შენობებშია, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი იქნება. შენობას რამდენიმე ხიდი და გადასასვლელი ექნება. ხალხს საშუალება უნდა მიეცეს ნახონ, როგორ მუშაობენ მისი არჩეულები პარლამენტში.“

ახალ პარლამენტს ქუთაისში, კომპანია „მაგი სტილი“ აშენებს. ეს შეკვეთა კომპანიას ხელისუფლებამ ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადასცა. „მაგი სტილის“ მეპატრონეები არიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

სახელმწიფოს მკაცრად აქვს გასაიდუმლოებული თუ რა თანხა ჯდება ახალი პარლამენტი და რა წყაროებით ფინანსდება მშენებლობა. თავდაპირველად მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად დასახელდა 50 მილიონი დოლარი, თუმცა მოგვიანებით, ეს ციფრი 150 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ცნობილია, რომ მიმდინარე მშენებლობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის გრუნტის წყლები, თუმცა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ პარლამენტი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ყველა შემთხვევაში აშენდება:

„თავიდანვე მიწისქვეშა წყლები იყო საკმაოდ ბევრი, მაგრამ მიწისქვეშა წყლების გამო, მშენებლობას არანაირი პრობლემები არ შექმნია. მეტსაც გეტყვით, იგივე ტერიტორიის ირგვლივ, თუ არ ვცდები ორი თუ სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსია აშენებული.

ასე რომ გრუნტის წყლებს, არ შეუშლიათ ხელი არც ათეულობით წლის წინ მიმდინარე სამუშაოებისთვის და ბუნებრივია ახლაც ვერ შეუშლის ხელს. ეს საკითხი არქიტექტორებმა და კოსტრუქტორებმა თავის დროზე ბუნებრივია გაითვალისწინეს.“

იმაზე, რომ პრეზიდენტი და მმართველი ელიტა უკან დახევას არ აპირებენ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს.

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის სახლის მშენებლობა 1938 წელს დაიწყო და 1953 წელს დასრულდა.

ზედა კორპუსი რუსმა არქიტექტორმა ვიქტორ კოკორინმა, ხოლო მთავარი კორპუსი ქართველმა არქიტექტორმა გიორგი ლეჟავამ დააპროექტეს.

1990 წლის ნოებრიდან, შენობაში საქართველოს უზენაესი საბჭო განთავსდა. 1991 წლის მაისიდან, ამ შენობაში მუშაობდა პირველი პრეზიდენტი გამსახურდია. სამხედრო პუტჩის დროს, როცა პრეზიდენტი გამსახურდია სასადილოში გამაგრდა, შენობა მთლიანად დაიწვა.

1993 წლის თებერვლიდან კი, საბჭოთა არქიტექტურული ძეგლი, საქართველოს პარლამენტს საბოლოოდ გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაათვალიერებინა შენობა რამდენიმე უცხოელ ინვესტორს, თუმცა ჯერ პარლამენტის შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი არ არის.

XS
SM
MD
LG