მედია ექსპერტების თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიას მედიაზე დიდი გავლენა ჰქონდა. გაიზარდა ცენზურა და ჟურნალისტებისადმი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებიც. თუმცა, ამასთან ერთად, ასევე ნათელი გახდა, რამდენად საჭირო და აუცილებელია სანდო მედია და ახალი ამბები.
თვის დასაწყისში, პრესის თავისუფლების მსოფლიო კონფერენციაზე, 2020 წლის მთავარ გამოწვევებად დასახელდა მედია საშუალებების ბაზრიდან გაძევება, თავდასხმები და მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასევე, დეზინფორმაციის გავრცელება.
„ახალი ამბები, რომლის ნდობაც შეგვიძლია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება“, ამბობს ჯესპერ ჰოჟბერგი, დანიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის საერთაშორისო მხარდაჭერიდან“(IMS).
“ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით იმის მნიშვნელობას, რომ გაგვეაზრებინა, როგორ იმოქმედა კოვიდ-19-ის პანდემიამ სხვადასხვა გზებით ჩვენს პარტნიორებზე: მედია პლატფორმებზე, ტრადიციულ და ონლაინ მედიებზე და ასევე, ამ ორგანიზაციების სიტყვისა და გამოხატვის უფლებაზე“, უთხრა ჰოჟბერგმა „ამერიკის ხმას“.
IMS-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მედიაში გამოიკვეთა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტრენდები. მათ შორის: მაყურებლებისა და მკითხველების გაზრდილი რაოდენობა, გადამოწმებულ ინფორმაციაზე მოთხოვნა, თუმცა, ასევე- კრიტიკული ინფორმაციის ცენზურისა და ჩახშობის მცდელობები.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ავტორიტარები ბლოკავდნენ იმ ვებ-საიტებს, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ მკითხველს“, ამბობს ჰოჟბერგი. მისი თქმით, დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც ცდილობდნენ, რომ ჩაეხშოთ იმ ტელე, რადიო და ონლაინ არხების მაუწყებლობა, რომლებიც არსებული სიტუაციის შესახებ კრიტიკულ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
ჰოჟბერგი „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ ყველაზე დადებითი ტრენდი, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა ისაა, რომ მკვეთრად გაიზარდა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობა. სწორედ მათგან იღებდა საზოგადოება ინფორმაცის მაშინ, როდესაც მთავრობისგან ამას ვერ ახერხებდა.
„იუნესკო“ და „ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია“ მედია ინდუსტრიაში, პანდემიის დროს, სამუშაო ადგილების დაკარგვის თემაზე მუშაობს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიას და მის გავლენას ებრძვის, ჟურნალისტიკის განადგურება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და სხვადასხვა მიმართულებით, არის მზარდი საფრთხე“, ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ მედიის გამოწვევების შესასწავლად, განიხილავენ გზებს გამოსავლის მოსაძებნად და ქვეყნებს რეკომენდაციებს მისცემენ, რათა მედიას მხარი დაუჭირონ.
“ყველა ბაზარს, აუდიტორიას და რეგულაციას, ასევე, ბიზნეს და ჟურნალისტურ პრაქტიკას შევისწავლით“- ამბობენ ერთობლივი პროექტის წარმომადგენლები.
Facebook Forum