რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სიცოცხლის ხელყოფისა და სამართლიან გამოძიებასთან წვდომის უქონლობის გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით საქმის შესწავლასა და განაჩენის გამოტანას ითხოვს.
გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით დე–ფაქტო აფხაზეთის საზღვრის დაცვის თანამშრომელმა რაშიდ კანჯი ოღლიმ ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა. მომხდარს თვითმხილველები ჰყავს. კანჯი ოღლის ინციდენტის დროს თან ახლდა სამი თანამშრომელი. შემთხვევა გამშვები პუნქტის ვიდეო კამერებმა დააფიქსირა. კადრები სოციალურ ქსელებში დღემდე ხელმისაწვდომია
ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია გამოძიებით უკმაყოფილია, რადგან „არ იყო გამოკვეთილი მკვლელობის მიზეზი“.
2017 წლის 7 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშიდ ჯანჯი–ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ის ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.
“იქნებ, ამ ორგანიზაციების ჩართვით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი აიძულოს რაღაცნაირად გამოიკვეთოს მისი [რაშიდ ჯანჯი ოღლის] ბრალეულობა. აფხაზური მხარის განცხადებით, მათ არ აქვთ დამამტკიცებელი საბუთები, რომ ის ბრალშია და ამიტომ გათავისუფლებულია“, ამბობს დაღუპულის დედა.
იქნებ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი აიძულოს რაღაცნაირად გამოიკვეთოს მისი [რაშიდ ჯანჯი ოღლის] ბრალეულობაოთხოზორიას დედა
აფხაზურმა მხარემ საქართველოს მოთხოვნა ბრალდებულის გადმოცემაზე არ დააკმაყოფილა. თავდაპირველად აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ საქმეს აფხაზეთის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიდა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დამნაშავე დაისჯებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაშიდ კანჯი ოღლისთვის შეფარდებული სასჯელი შინაპატიმრობა იყო, შემდგომ კი აფხაზურმა გამოძიებამ ქართულ მხარეს აცნობა, რომ საქმე შეწყვეტილია მტკიცებულებების არარსებობის გამო.
სანამ ოჯახის სახელით სტრასბურგს მიმართავდა, საიამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება რუსეთსა და აფხაზეთში სცადა. რუსეთის ფედერაციაში მათ სამი წერილი გაგზავნეს. პასუხებში მითითებულია, რომ საქმე აფხაზეთში, ანუ „სუვერენულ ქვეყანაში მომხდარს ეხება“, რომელთან შეხებაც ფედერაციას არ აქვს.
აფხაზეთის შესაბამის უწყებებს საიამ წერილობით ორჯერ მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არც ერთ წერილზე პასუხი არ მიუღიათ. ამ პროცედურების ამოწურვის შემდგომ, რაც შიდა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს გულისხმობს, საიამ უკვე სტრასბურგს მიმართა.
ამბობს საიას იურისტი თამარ აბაზაძე,„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.:
საიას იურისტი თაბარ აბაზაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ადვოკატებმა სამათლებრივად დაცვის მექანიზმები ამოწურეს. „არ არის საჭირო შეაგროვო 20 პასუხგაუცემელი წერილი. სავსებით ნათელი იყო ჩვენთვის და ამას იოლად დავამტკიცებთ სასამართლოზე, რომ აფხაზეთის პროკურატურა არ პასუხობს ჩვენს წერილებს და აფხაზურმა მხარემ შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის მოტივით.“
მისი თქმით, აფხაზურ მხარეს შეეძლო თვითმხილველები დაეკითხა, რითაც მკვლელობის ვერსია დადასტურდებოდა.
აფხაზეთის პროკურატურის მტკიცება, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ამიტომ შეწყდა გამოძიება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურიათამარ აბაზაძე, იურისტი
„ესეც საკმარისი იქნებოდა ბრალის წაყენებისთვის. გარდა ამისა, ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზების მიერ მოთხოვნილი ყველანაირი დოკუმენტაცი გადასცეს. მათ შორის, ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა სახის მტკიცებულებები. როდესაც სამართლებრივი კუთხით მყარად ვართ იმის შეფასებაში, რომ აფხაზეთის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება არ იყო ეფექტური, ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, არის პოლიტიკური კონტექსტი. აფხაზეთის პროკურატურის მტკიცება, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ამიტომ არ მოხდა ბრალის წაყენება და საერთოდ შეწყდა გამოძიება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია.“
სტრასბურგმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მან უნდა თქვას, რომ რუსეთია აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი და შესაბამისად, მას ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა. ეს მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეებზე, რომელთა შესახებ წარმოებაშია როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი.
ინდივიდუალურ მოსარჩელეებს საიაც უწევს ადვოკატირებას. მხოლოდ ომის საქმეებზე სტრასბურგში ორგანიზაციას 53 სარჩელი აქვთ წარდგენილი. ამას ემატება ორი დეპორტაციისა და ერთი მავთულხლართების გადმოწევით დაზარალებული 13 მოქალაქის სახელით შეტანილი საქმე.საიას რიგით 57–ე სარჩელი ოთხოზორიას ოჯახის სახელით სტრასბურგში გუშინ გაიგზავნა.
Facebook Forum