ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აცხადებს, რომ ტელევიზიის წინააღმდეგ გადაჭარბებულმა სასამართლო ჩარევებმა შესაძლოა საქართველოში მედია პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.
ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების დარგში დუნია მიატოვიჩმა დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ საკუთრების დავის საქმეში სასამართლოს გადაჭარბაბულმა მექანიზმებმა შეიძლება საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.
“სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსთავი 2-ის მიერ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე. გადაწყვეტილება არაპროპორციული და გადაჭარბებულია და ის საქართველოში მედიის პლურალიზმს უქმნის საფრთხეს... მოვუწოდებ მთავრობას ქვეყანაში მედია პლურალიზმი უზრუნველყოს,” განაცხადა მიატოვიჩმა.
ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მიატოვიჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს რამდენიმეჯერ ესაუბრა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში მისი ყოფილი მფლობელები ჩივიან. კომპანიის ყოფილი მფლობელების ქიბარ ხალვაშის, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის თქმით მათ კუთვნილი წილები უკანონოდ ჩამოართვეს და ახლა მათ უკან დაბრუნებას ითხოვენ. ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რუსთავი 2-ის ქონება დააყადაღა. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
დავას რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების შეფასებით არსებობს “საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს.” ისინი მთავრობას პროცესის “მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვისკენ” მოუწოდებენ.
მიმდინარე სასამართლო დავა სამართლებლივად შეისწავლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომლის შეფასებითაც “სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე.”