ამერიკის კინო-აკადემიის წლევანდელი რჩეულებისთვის მოწყობილ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში გლენ ქლოუზი აღმოჩნდა. ის ფილმისათვის „ალბერტ ნობსი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზზეა წარდგენილი. გლენ ქლოუზის გმირი მე-19 საუკუნის ირლანდიელ ქალბატონს განასახიერებს, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში თავი მამაკაცად წარმოაჩინოს.
ოსკარის მეექვსე ნომინაციის მფლობელი მსახიობი ამბობს, რომ მოგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნომინაციაც დიდი პატივია.
“ელემენტარული მათემატიკაა. თუ გავითვალისწინებთ ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენს ორ პროფკავშირშია, ამას დავუმატებთ უმუშევარ მსახიობთა რაოდენობას და ფილმების რიცხვს, რომლებიც ყოველწლიურად გამოდის, მაშინ მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. ამერიკის წლის 5 საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დამასახელეს, როგორ უნდა ვიყო წაგებული, არ მესმის“ - ამბობს გლენ ქლოუსი.
გარი ოლდმანიც ნომინირებულებს შორისაა და ამბობს, რომ ნერვიულობას არ აპირებს და ეცდება საკუთარი მიღწევით მაქსიმალურად ისიამოვნოს.
ჯორჯ კლუნს ორი ნომინაცია აქვს, საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის. ფილმი „შთამომავლები“ მისი მონაწილეობით წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კინოსურათია.
“სათადარიგო მშობელი ვარ, თრეინინგში. ჩემი ცოლი ელისაბედი ჰოსპიტალშია და ჩემი შვილები გამოცდებს მიტარებენ“ - ამ ფრაზით ფილმში ეპიზოდებს შორის უზადო გემოვნებით აგებული კომიზმის და ტრაგიზმის აბსურდული მონაცვლეობა იწყება.
კლუნმა კინოფილმისთვის „სირიანა“ პირველი ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯერ კიდევ 2005 წელს მოიპოვა და საუკეთესო სცენარისთვისაც უკვე იყო ნომინირებული.
“ეს ამბავი ძალიან მახარებს. სცენარისტობისთვის უკვე მეორე ნომინაცია მაქვს. აღფრთოვანებული უფრო იმიტომ ვარ, რომ მსგავსი პროექტები ძალიან ხშირად ფურცელზე რჩება. ახლა კი უფრო თამამად შეგვეძლება განვაცხადოთ, რომ გვაქვს სცენარი და მისი განხორციელებაც რეალურია“ - ამბობს ჯორჯ კლუნი.
ოქტავია სპენსერიც ნომინანტია. წვეულებაზე მოსული ბევრი სხვა მსახიობისგან განსხვავებით მეორეხარისხოვანი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ის პირველად არის ნომინირებული.
“პირველად ვარ მიღებაზე და თითოეული წამით სიამოვნების მიღებას ვაპირებ. ასეც ვიქცევი. ეს ღიმილი ნამდვილია“ - ამბობს ოქტავია და ბედნიერად იღიმება.
ამერიკელი კინომოყვარულები 26 თებერვალს მოუთმენლად ელოდებიან. საუკეთესო მამაკაცის და ქალის მთავარი როლის შესრულებაზე 5-5 მსახიობია ნომინირებული. საუკეთესო ფილმის პრიზზე კი -9. კრიტიკოსების ნაწილი ამდენი ფილმის ნომინაციას იმით ხსნის, რომ წელს სერიოზული კინოსურათი არ გამოსულა, ნაწილი კი პირიქით, მიზეზად ბევრი ხარისხიანი ფილმის არსებობას ასახელებს.
ლოს ანჟელესში გამართულ საზეიმო წვეულებაზე ნომინანტების ნაწილი ვერ ჩავიდა, მაგრამ მათი უმრავლესობა 26 თებერვალს კოდაკის თეატრის წინ დაფენილ წითელ ხალიჩაზე აუცილებლად გაივლის.