თურქეთის ზომით მეორე ოპოზიციური პარტიის ბედი გაურკვეველია. ქვეყანაში პარტიის წევრების მასობრივი დაპატიმრება გრძელდება და მისი გაუქმების მოწოდებები მატულობს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "სახალხო დემოკრატიულ პარტიას" გასამხედროებულ ელემენტებთან კავშირში ადანაშაულებს, პარტია კი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან მზარდი შეზღუდვების და ავტორიტარიზმის მსხვერპლია.
ერდოღანი სახალხო დემოკრატიულ პარტიას "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირებში დებს ბრალს. ეს უკანასკნელი თურქეთის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა ცნობილი.
"სახალხო დემოკრატიული პარტია" მემარცხე, პრო-ქურთული პარტიაა. მისი ლიდერები უარყოფენ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირებს. დამკვირვებლები საუბრობენ იმაზე, რომ თუ ხელისუფლება პარტიას გააუქმებს, ეს ერდოღანს მისცემს შესაძლებლობას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთებით დასახლებულ ნაწილში, ხმების უმრავლესობა მოიპოვოს. ქვეყნის ამ ნაწილში ხმები ტრადიციულად პრო-ქურთულ და მმართველ პარტიას შორის იყოფა.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" 6 მილიონი ხმა მოიპოვა და პარლამენტში 67 მანდატით შევიდა. ის თურქეთში ზომით მეორე პარტიაა ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის შემდეგ.
პარტიის 16 000-ზე მეტი წევრი დააკავეს და ათობით დეპუტატი პარლამენტიდან გააძევეს. დაკავებულებს ბრალს თურქეთის ანტი-ტერორისტული კანონის საფუძველზე უყენებენ.
Facebook Forum