საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საქართველოში, სადაც იგი ორჯერ იყო არჩეული უმაღლეს თანამდებობაზე, მის საქმიანობასთან დაკავშირებით ოთხი სარჩელი არსებობს. უკრაინაში კი, რომელიც მისი მეორე სამშობლოა, სადაც მისი პარტია ერთ–ერთი მთავარი ოპოზიციური ძალაა, და სადაც ცოტა ხნის წინ სოლიდურ პოლიტიკურ პოსტს იკავებდა, ორი დღის წინ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ამასთან, საქართველოსა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალ ძალთა მოძრაობა“ საკმაოდ რეიტინგულ პოლიტიკურ პლატფორმებს წარმოადგენს, რომელიც იკავებს პროდასავლურობის ნიშას. უკანასკნელი გამოკითხვებით, რაც საქართველოში ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის 7 პროცენტი დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს. ამასთან ნიშანდობლივია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ამ გამოკითხვაში 22 პროცენტი აქვს, მესამე ადგილზე კი 3 პროცენტით „ევროპული საქართველოა“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტია. ამგვარი წნეხის პირობებშიც კი უკრაინაში მეიდანზე აქციის გამართვასა და ადამიანების მობილიზებას სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობა“ მაინც ახერხებს. ხუთშაბათს, საპროტესტო მსვლელობას კიევში სამართალდამცავებთან ჭიდილის გარეშე არ ჩაუვლია. შეკრებილები აპროტესტებდნენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ და მოითხოვდნენ ამ ქმედების სამართლებრივი მტკიცებულების გაცნობას. უკრაინის ხელისუფლების პასუხი გამოიხატა იმით, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ, სამართლებრივი მტკიცებულების წარდგენა კი ხელისუფლების თქმით, შეუძლებელია, რადგან ის კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.
თბილისში სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ ბრიფინგი გამართა, სადაც ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტიის ლიდერი პოლიტიკური დევნილია უკრაინაშიც და საქართველოშიც, პარტიის პოლიტიკური მდივანი კი – დაპატიმრებული. „აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად, ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს, ან როგორც მინიმუმ, სრულ სინქრონშია, მის პოლიტიკურ მიზნებთან. ამ გარიგებით, ორ ოლიგარქს სურს,პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოაშოროს ის ადამიანი, რომელიც არის რეგიონში ანტიპუტინური ფრონტის მთავარი ფიგურა და პოსტ–საბჭოთა სივრცეში განხორციელებული დემოკრატიული, ანტიკორუფციული რეფორმების ერთადერთი წარმატებული მაგალითი და სიმბოლო. ამ გარიგებით ოლიგარქებს სურთ რეგიონში შეასუსტონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ფრონტი და გააძლიერონ ანტიდასავლური ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ქართველ და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.
სააკაშვილის შესახებ 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც უცხოური მედიისთვის გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოზომილი კომენტარი გააკეთა. ამერიკის ხმის კითხვას საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხვედრაშია თუ არა პოროშენკოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა დიპლომატიური პასუხი გასცა და თქვა, რომ სააკაშვილს მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობაზე, თავის დროზე არ უნდა ეთქვა უარი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაცილებით ვრცლად აშშ ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის 31 ივლისს ჩანიშნული ვიზიტისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ისაუბრა: "ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას.“
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივ შეფასებას, ეს არ აღმოჩნდა იოლი. ამერიკის ხმა დაუკავშირდა სამართლებრივი მიმართულებით მომუშავე რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, სამართლიან არჩევნებს, საიას, ჰუმან რაითს ვოჩს, მაგრამ ორგანიზაციებში განაცხადეს, რომ საკითხი ჯერ არ შეუსწავლიათ. აი, რას ამბობს „საერთაშორიდო ამნისტიის“ წარმომადგენელი ლევან ასათიანი ჩვენთან საუბრისას: „რეალურად პრობლემა გახლავთ ის, რომ არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა ადამიანისთვის. არსებობს კონვენცია, რომელიც კრძალავს მოქალაქეობის არ–მქონე პირად ყოფნას. მოქალაქეობა ადამიანს, თავისთავად ანიჭებს გარკვეულ უფლებებს. ადამიანის უფლებების საკითხია, რომ რომელიმე ადამიანი არ დარჩეს დაცვის გარეშე, როდესაც მას არც ერთი სახელმწიფო არ იცავს. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, უკრაინაში რა ნორმატიული საფუძველი არსებობს ამისთვის და იქნება თუ არა ეს ნორმატიული საფუძველი საკმარისი, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგეს, ეს დეტალები მე არ მაქვს შესწავლილი და ამიტომ ვერ გავაკეთებ სრულ კომენტარს.“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად აშშ–შია. მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს, საქართველოში კი დაპატიმრება ემუქრება, რადგან 4 სასამართლო საქმე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ.
Facebook Forum