ამერიკაში ქართული რესტორნებიდან ყველაზე გამორჩეულ და მას-მედიაში პოპულარულ "ოდა-ჰაუსს" სამი წელი შეუსრულდა. იუბილე რესტორნის მახლობლად მდებარე სკვერში აღნიშნეს, სადაც ამერიკელი სტუმრები და ქართველი ემიგრანტები იყვნენ მიწვეული. დაბადების დღე " ოდა -ჰაუსს" მუსიკალურად მიულოცეს მომღერლებმა ლიკა შუბითიძემ, ილუშა ცინცაძემ და "დანსინგ ქრეინმა".
მაია დვალაძე: თუ იწვიმებს, კარვებს გავშლით. წვეულება დღეს აუცილებლად იქნება.
"ოდა-ჰაუსის" ამერიკელი კლიენტები რესტორანში დილიდან რეკავდნენ და არკვევდნენ წვიმიანი ამინდის გამო "ფართის" ჩაშლა ხომ არ ემუქრებოდა. უკვე ტრადიციაა, ყოველ წელს იუბილე რესტორანთან ახლოს მდებარე უბნის ბაღში აღინიშნოს. ქართულმა რესტორანმა ნიუ-იორკში ქართული სამზარეულოს ისტორიის შექმნა აღმოსავლეთ ნიუ-იორკის ბოჰემური უბნიდან სამი წლის წინ დაიწყო და გახსნიდან ორ კვირაში ქუჩაში უკვე კლიენტების რიგი იდგა. მაია დვალაძე, პლასტიკური ქირურგი საქართველოში, შეერთებულ შტატებში ჩამოსვლის შემდეგ კულინარიით დაინტერესდა და სპეციალური განათლებაც მიიღო. დღეს მისი რეცეპტით მომზადებულ კერძებზე "ვაშინგტონ პოსტი", "ნიუ-იორკ თაიმსი", "ტაიმ-აუტი", "ფუდ ენდ ვაინ", "ბონ აპეტიტ" ჟურნალები წერენ და სიუჟეტებს სხვადასხვა არხები ამზადებენ. "ოდა-ჰაუსის" მეორე, უფრო დიდი ფართობის რესტორანი, ტომს რივერში, ნიუ-ჯერსის შტატში ექვსი თვის წინ გაიხსნა. მაია დვალაძე "ოდა-ჰაუსის" იუბილეზე განსაკუთრებით ემოციურია.
მაია დვალაძე: "ოდასთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ამ სამ წელიწადში ის არის, რომ "ოდას" ჰყავს მეგობარი, შვილი, და, რა ვიცი რაც გინდათ დაარქვით. მეორე "ოდა-ჰაუსი ჯერსი", ტომს რივერში. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით რომ... აი ნახეთ, პატარა ბავშვივით ვარ, სულ ცრემლები მომდის. იქ რესტორანი იმიტომ გავხსენით რომ ბევრი ადამიანი აქ ნიუ-იორკში ნიუ-ჯერსიდან და პენსილვანიიდან სპეციალურად ჩამოდიოდა და გვეკითხებოდნენ რატომ არ ვხსნიდით ამ შტატებშიც. ვამაყობ იმით, რომ ქართული სამზარეულო ასეთი პოპულარული გახდა ბოლო 3 წლის განმავლობაში და ამაში ძალიან დიდი წვლილი მე მიმიძღვის. მართლა ვამაყობ იმით, რომ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი, რომ გამომეტანა, გამომემზეურებინა ქართული სამზარეულო ამერიკაში.
მანჰეტენზე ფართის ქირაობა ბევრად ძვირია ვიდრე ბრუკლინში. მაგრამ მაია დვალაძემ ბიზნესის დასაწყებად მანჰეტენის ბოჰემური უბანი შეარჩია და აქ მდებარე მრავალი წლის გამოცდილების და ისტორიის ფრანგულ, იტალიურ, ინდურ, ტაილანდურ რესტორნებთან კონკურენციაში არ დამარცხდა.
ჩაქაფულის და ჩანახის გემომ რესტორანში რამდენჯერმე დააბრუნა ოსკარის მფლობელი მსახიობი ჰელენ მირენი. მისი პირველი სტუმრობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გიორგი პაპიაშვილისთვის, რომელიც თან სტუდენტია და თან რესტორანში მიმტანად მუშაობს.
გიორგი პაპიაშვილი: ჰელენ მირენი როცა იყო მოსული, რაღაც ისეთი მოვლენა იყო. თავიდან ვერ ვიცანით, მაგრამ შემდეგ გავაანალიზეთ. აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა, ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და კარგი მომხმარებლები დადიან.
მანჰეტენის "ოდა-ჰაუსში" სულ რვა ადამიანი მუშაობს. ექვსი ქართველი და ორი მექსიკელი, მათგან ერთი მზარეულია, სერაფიმე, იგივე სერა ერეირა. მაია დვალაძე ხუმრობს, რომ სერა დღეს ლობიოს ისე კაზმავს, ზოგჯერ თავის გაკეთებული ჰგონია.
სერაფიმე ერეირა: მე და მაია თავიდან "მარი ვანნას" რესტორანში ვმუშაობდით, შემდეგ ის იქიდან წავიდა და მკითხა წავიდოდი თუ არა მასთან სამუშაოდ, თუკი რესტორანს გახსნიდა. მე დავთანხმდი. ის ძალიან კარგი მზარეულია. მე ასე კარგად ვერ ვამზადებ. მახსოვს ერთხელ სამზარეულოში ამერიკელი მომხმარებელი შემოვიდა, რომელმაც პერსონალურად გადაგვიხადა მადლობა ასეთი გემრიელი კერძების მომზადებისთვის.
მაია დვალაძე: ამას არასოდეს არავის არ ვეტყვი, რომ აი ამდენი ნიგოზი არ ჩადო, ან ხაჭაპურს ყველი დააკელი, ცომი ასე არ გააკეთო. ეს არ არსებობს. ჩემი ბაზა არის გემო და ხარისხი. მე არასოდეს ადამიანს იმას ვერ ვაჭმევ, რასაც მე თვითონ ვერ შევჭამ. აქ კარგი, წყნარი გარემოა, ვინც მოდის წასვლა არავის უნდა. ერთხელ კლიენტი 45 წუთი ელოდებოდა მაგიდას. თუმცა სტუმრები წასვლას არ ჩქარობდნენ. ბოლოს, წავიდნენ და ამ მომხმარებელს ბოდიშები ვუხადე, მერე ნამცხვრები გავუგზავნე. დიდ ხანს დარჩა თვითონაც. რომ მიდიოდა მითხრა, " ახლა ვხვდები ,რატომ არ მიდიოდნენო, რადგან ჩვენც ძალიან კარგად ვგრძნობთო თავს და აქ მარტო საჭმელად არ მოვედითო."
მაია დვალაძის ხაჭაპურისთვის მის რესტორანში დღეს არამხოლოდ ამერიკელები, არამედ ის ქართველი ემიგრანტებიც დადიან, რომლებიც თავადაც კარგ მზარეულებად ითვლებიან.
ნინო კაციტაძე: მე ძალიან მიყვარს ხაჭაპური, მაიას ხაჭაპური, ძალიან გემრიელია ჩაქაფული, ყველაფერი მიყვარს აქ.
წვიმის მიუხედავად "ოდა-ჰაუსის" იუბილე ღია ცის ქვეშ მაინც გაიმართა. უამრავ სტუმარს შორის წარმატებული ქართველი ემიგრანტები და ამერიკელი კლიენტებიც იყვნენ, რომლებიც "ოდა-ჰაუსმა" სუვენირებით და ქართული ღვინით დაასააჩუქრა. "ოდა-ჰაუსის" ისტორია ამერიკაში გრძელდება. მორიგი გაჩერება კოლუმბიის ოლქია, სადაც "ოდა-ჰაუს დისი" რამდენიმე თვეში გაიხსნება.