ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო კამპანია პიკს აღწევს


კანდიდატები კრიტიკული მნიშვნელობის შტატებში მოგზაურობენ

არჩევნებამდე ცამეტი დღე დარჩა და პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ოპონენტი მიტ რომნი შეერთებული შტატების მასშტაბით იმ მიზნით მოგზაურობენ, რათა ამომრჩევლების ხმები დააგროვონ.

კამპანიის ბოლო დღეების გრაფიკი გადატვირთულია. ოთხშაბათს აიოვას შტატის ქალაქ დავენპორტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ ამომრჩევლებთან განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა მიტ რომნისთან შედარებით, ბევრად უფრო სანდოა, რადგან რომნი საკუთარ პოზიციებს გამუდმებით ცვლის:

„კამპანიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის მოპოვებაა. ნდობა არჩევნებში ყველაზე სერიოზული ფაქტორია,“ -აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

ოჰაიოს შტატში სამდღიანი კამპანიის დროს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ხაზი გაუსვა ამომრჩევლებისთვის ნდობის განსაკუთრებით მნიშვნელობას, მან მიტ რომნის მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„გუბერნატორო თქვენ არ იმსახურებთ ნდობას, ამის უფლებას არც თქვენი მონაცემები გვაძლევს. რომ აღარაფერი ვთქვათ, თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკასა და ქალთა უფლებების მიმართ დამოკიდებულებაზე.“

აიოვას შტატის შემდეგ პრეზიდენტი ობამა დენვერის, ლოს ანჯელესის და ლას ვეგასის მიმართულებით გაემგზავრა. პრეზიდენტი ერთ დღეს საჰაერო ძალების ბაზაზე ფლორიდის შტატში დარჩება, შემდეგ კი ჩიკაგოს და ილინოისის მიმართულებით გაემგზავრება.კამპანიის შემდგომი დანიშნულების ადგილი რიჩმონდი , ვირჯინია და კლივლენდი იქნება. ხუთშაბათს საღამოს კი პრეზიდენტი ვაშინგტონში დაბრუნდება.

მიტ რომნის კამპანიის მარშრუტშიც ასევე შედის ნევადის, ოჰაიო, კოლორადოს და აიოვას შტატები. ქალაქ რენოში გამოსვლისას, რესპუბლიკელმა რომნიმ განიმტკიცა გამარჯვების იმედი და პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა:

„პრეზიდენტმა ვერ შეძლო მართებული გეგმა შეექმნა და ამ გეგმის შემდგომი რეალიზება. მიზეზი კი ყველა ჩვენთაგანმა კარგად იცის-მას არ შესწევს ამის უნარი. ჩვენ კი არ გვაქვს უფლება მისი ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლა დაუშვათ.“

ოჰაიოს შტატის მოსახლეობას ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პოლ რაიანიც შეხვდა. მან ამომრჩევლებს ეკონომიკური განვითარების პირობა მისცა და რესპუბლიკელთა ხელისუფლებაში მოსვლის აუციელებლობაზე ისაუბრა:

„მიტ რომნის და მე ხელისუფლებაში მოსვლა იმ მოსაზრებით გვინდა,რომ ვიცით, თუ რა სჭირდება ამერიკის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენს მიერ შემოტავაზებული გეგმით, ქვეყანა სტაგნაციიდან გამოვა, მეწარმეებს მეტი თავისუფლება მიეცემათ, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.“

შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო კანდიდატები ცდილობენ, კამპანიის დროს ყველაზე მეტი კონცენტრაცია რამდენიმე შტატზე მოახდინონ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სწორედ ამ შტატებში გადაწყდება 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევენების ბედი.

რაც შეეხება უკანასკნელ გამოკითხვებს, პრეზიდენტი ობამა ზოგიერთ შტატში მიტ რომნის სულ მცირედი უპირატესობით უსწრებს, ზოგიერთ შტატში კი რომნი ობამაზე დაწინაურებულია.
XS
SM
MD
LG