ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას პროფილი


ოთხი წლის წინ, ამერიკის საზოგადოების მღელვარება დაღმავალი ეკონომიკის გამო განსაკუთრებით მაღალი იყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ოთხი წლის წინ, ბარაკ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდა. დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ობამა პარტიის კონვენციაზე წარადგინა. ოთხი წლის წინ, განსაკუთრებით მაღალი იყო საზოგადოების მღელვარება დაღმავალი ეკონომიკის გამო, ობამამ კი ამ დროს მკაფიო გზავნილი შეარჩია ელექტორატის მოსაზიდად:

„ცვლილება, რომელიც შეგვიძლია ვირწმუნოთ.“

ობამა 1961 წელს ჰავაიზე დაიბადა. მეუღლესთან, მიშელთან ერთად მას ორი ქალიშვილი ჰყავს.

ბარაკ ობამა თეთრ სახლს ბოლო ოთხი წელია მართავს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა გაუმჯობესდა, თუმცა, იმდენად არა როგორც ამას ხალხი იმედოვნებდა. პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ბოლო ოთხი წელია ობამამ თავის თავზე გამოცადა თუ რა განსხვავავებაა წინასაარჩევნო კამპანიასა და რეალურად მართვას შორის.

ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის ქალებისა და პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ჯენიფერ ლოლესი ამერიკაში წინასაარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობაზე აცხადებს:

„დაპირებების დიდი ნაწილი ობამამ იმაზე დაყრდნობით გააკეთა, რომ ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა იქნებოდა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მას მერე, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი გახდა ნათელი იყო, რომ რესპუბლიკელები ყველაფერს გააკეთებდნენ პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ.“

ჩვენი რესპონდენტის აზრით, ამის ერთ-ერთი მაგალითია ეგრეთ წოდებული „ოცნების კანონი". ეს კანონმდებლობა ამერიკის კანონმორჩილ მოქალაქეებს, მათ ვინც ამ ქვეყანაში ადრეულ ასაკში ჩამოვიდა, მოქალაქეობას მიანიჭებდა. ეს კანონპროექტი პრეზიდენტმა დაამტკიცა, თუმცა, მას კონგრესმა არ დაუჭრა მხარი.

ივნისში, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დროებით შეწყდებოდა იმ ემიგრანტების დეპორტაცია, რომლებიც აღნიშული კანონპროექტის პირობებს აკმაყოფილებდნენ.

თუმცა, ამასობაში ობამას ადმინისტრაციამ იმაზე მეტი არალეგალური ემიგრანტი გაასახლა, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა.

ობამამ, ამას გარდა, დაპირება შეასრულა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კანონი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი საკმაოდ წინააღმდეგობრივია და არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს საზოგადოებაში, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ კანონის მთავარი დებულებები გაამართლა.

ობამამ მხარდი დაუჭირა, შემდეგ კი კონგრესის რწმუნებით გამოყო 787 მილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი და, ასევე, ფინანსურად დაეხმარა მსხვილ ამერიკელ ავტომწარმოებლებს - „ჯენერალ მოტორსსა" და „ქრაისლერს".

საგარეო ფრონტზე, ობამას ხელმძღვანელობით 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებელი ოსამა ბინ ლადენი იქნა განეიტრალებული.

ამერიკელი ლიდერის ინიციატივით ამერიკელმა სამხედროებმა გასვლა დაიწყეს ერაყიდან, გაზარდეს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების მხარდამჭერი სამხედრო კონტიგენტი და ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთთან იარაღის კონტროლის ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

და ბოლოს, ობამა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. ის, ასევე, პირველია ქვეყნის უმაღლეს ლიდერებს შორის, რომელიც ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას ბარაკ ობამა ახალგაზრდა ამომრჩეველზე, ქალებზე, უმცირესობებზე და საშუალო ფენის ამომრჩეველზე მუშაობდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ამერიკის ეკონომიკა მცირედით გაუმჯობესდა, რაც მას, სავარაუდოდ, დაეხმარება დღევანდელ არჩევნებში.

ბარაკ ობამასთან ერთად, დღევანდელ არჩევნებში მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მონაწილეობს. იგი ამერიკის სენატის ექვსჯერ არჩეული წევრია და ობამას გუნდში საგარეო პოლიტიკის ექსპერტის იმიჯი აქვს.
XS
SM
MD
LG