ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას პირველი 4 წელი


ამერიკის პრეზიდენტის პროფილი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ბარაკ ობამა ოთხი წლის წინ შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი გახდა. 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები მან განსაკუთრებული ენერგიით და მიზანსწრაფვით დამუხტა. ისტორიული არჩევნების შედეგად ამერიკას პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ჰყავს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკის მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი თეთრკანიანია და შავკანიანი მოსახლეობა 13 პროცენტს არ აღემატება, ადვილი მისახვედრია, რატომ იყო ისტორიული ბარაკ ობამას არჩევის პრეცედენტი. ამასთან ფერადკანიანები შეერთებულ შტატებში არამარტო რაოდენობრივ უმცირესობაში არიან, არამედ ძალაუფლების გადანაწილების მხრივაც ქვეყნის პოლიტიკის თუ ეკონომიკის მართვაში კონტროლის ძალზე მწირი ბერკეტები გააჩნიათ.

ბარაკ ობამას არჩევნებზე სწორად შერჩეული, მახვილგონივრული დევიზი ჰქონდა: „ცვლილება“, „ცვლილების დროა“, „ცვლილება, რომლისაც გვჯერა“.

რა შეიცვალა რეალურად მისი პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე და რის გაკეთება ვერ შეძლო პრეზიდენტმა?

გამოკითხვების მიხედვით, წლევანდელ არჩევნებში გადამწყვეტი ეკონომიკის
საკითხი იქნება. ბოლო 4 წელიწადში ეკონომიკური სიტუაცია შეერთებულ შტატებში შედარებით გამოსწორდა, მაგრამ არც იმდენად, როგორც ამას ბევრი ელოდა. პოლიტოლოგები ირონიულად შენიშნავენ ხოლმე, რომ ობამამ კამპანიის წარმართვას და ქვეყნის უშუალო მართვას შორის განსხვავებების შესახებ მწარე გაკვეთილი მიიღო.

მისი წინასაარჩევნო დაპირებების ბედს საბოლოო ჯამში ვაშინგტონის ორპარტიული სისტემა წყვეტს. და როგორც კი რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს, ნათელი გახდა, რომ რესპუბლიკელთა ნომერ პირველი ამოცანა იყო ის, რომ ობამას წინასაარჩევნო დაპირებები არ შესრულებულიყო,“ - აღნიშნავს ჯენიფერ ლოლესი, ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო დადასტურება ე.წ. „ოცნების აქტია“. პრეზიდენტის ინიციატივით ამერიკის მოქალაქეობა უნდა მინიჭებოდა ქვეყანაში არალეგალურად მყოფ ყველა იმ იმიგრანტს, რომელიც მშობლებმა ქვეყანაში მცირეწლოვან ასაკში, მათ დაუკითხავად შემოიყვანეს. პრეზიდენტის გეგმა გეგმად დარჩა და კონგრესამდე ვერ მიაღწია.

ივნისის თვეში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკა იმ არალეგალური იმიგრანტების დეპორტირებას დროებით წყვეტს, ვინც „ოცნების აქტში“ ხვდება. თუმცა, ამ ყოველივეს მიუხედავად, მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ამერიკის ისტორიაში ობამამ ქვეყნიდან ყველა სხვა პრეზიდენტზე მეტი იმიგრანტის დეპორტირება მოახდინა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირებების სიიდან ბევრი რამ შეასრულა კიდეც. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაა, რომელიც დიდი ბრძოლის და წინააღმდეგობების მიუხედავად მცირედი შესწორებებით მაინც დამტკიცდა. ობამამ წარმატებას მიაღწია 787-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის დამტკიცებაზეც. მისი საშუალებით ბევრ სხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან ერთად ცნობილი ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიები, „ჯენერალ მოტორსი“ და „კრაისლერი“ გაკოტრებას გადარჩა.

პრეზიდენტ ობამას დროს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ტერორისტული ორგანიზაციების რამდენიმე ლიდერის ლიკვიდირება მოხდა. ოსამა ბინ ლადენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, 11 სექტემბრის ტერორისტული აფეთქებების ორგანიზატორი იყო. მას პაკისტანში მიაკვლიეს და სამხედრო ოპერაციის დროს გაანადგურეს.

„საღამო მშვიდობის. მომეცა შესაძლებლობა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს ვაუწყო, რომ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ოსამა ბინ ლადენი, ალ-ყაიდას ლიდერი. ტერორისტი, რომელიც ათასობით უდანაშაულო მამაკაცის, ქალის და ბავშვის მკვლელობაშია პასუხისმგებელი,“ - ასე დაიწყო ობამამ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა 2011 წლის 2 მაისს.

პრეზიდენტმა ობამამ დაპირებისამებრ ერაყიდან სამხედრო შენაერთები გაიყვანა. მან ავღანეთში ჯარები გააძლიერა, რუსეთთან კი შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების დადებას მიაღწია.

ბარაკ ობამა პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ერთსქესიან ქორწინებას ღიად მხარს უჭერს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი პრეზიდენტი კვლავ ბაიდენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობამდე შეერთებული შტატების სენატორად 6 ვადით იმსახურა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის შემდეგ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება.

ჰავაიში 1961 წელს დაბადებულ პრეზიდენტს მეუღლე - მიშელი და ორი ქალიშვილი, 14 წლის მალია და 11-ის საშა ჰყავს. 50 წლის პრეზიდენტმა წელს საოჯახო შვებულებაზე უარი თქვა და ზაფხულის მეტი წილი საპრეზიდენტო კამპანიაში გაატარა.
XS
SM
MD
LG