ყოველდღიურ ამერიკულ გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირადადაა ჩართული ალ ყაიდას წინააღმდე წარმოებულ ეგრეთ წოდებულ „ფარულ ომში“ და პირადად იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისი სახელი უნდა იყოს „მოსაკლავ სიაში.“ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
მტკიცებულების ნაწილად გაზეთს ობამას ადმინისტრაციის მიმდინარე და ყოფილი წევრების კომენტარები აქვს მოტანილი, რომლებსაც ინტერვიუები სტატიისთვის ჩამოართვეს. მათ დაადასტურეს ფაქტი, რომ ნამდვილად არსებობს სია, რომელშიც ალ ყაიდას ის წევრები არიან შეყვანილი, რომლებიც სეიძლება ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნეები გახდნენ.
პრეზიდენტი ობამა ტეროტისტების წინააღმდეგ დრონების გამოყენების შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა პაკისტანში. ასევე, მოიმატა საჰაერო იერიშების რაოდენობამაც იემენში, სადაც ამერიკის შეიარაღებული ძალები იემენის მთავრობას ალ ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, რომ ობამა პირადად იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, განხორციელდეს თუ არა ალ ყაიდას წევრზე თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატით იემენში, პაკისტანსა და სომალიში მაშინ, როცა ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებიც ადგილზე იმყოფებიან.
თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯეი კარნი ამბობს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამერიკელების დასაცავად და ამის მისაღწევად სამართლიან და თანმიმდევრულ ზომებს მიმართავს, რომლებიც ამერიკულ ღირებულებებს ეყრდნობა.
როდესაც კარნის ნიუ იორკ ტაიმსის სტატიაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ იერიშის ზონაში მდებარე ყველა მამაკაცი, რომელსაც იარაღის ტარება შეუძლია მეამბოხედაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სადაზვერვო ინფორმაცია საწინააღმდეგოს იუყწება:
„პრეზიდენტის პირველი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების დაცვაა. ის ამ პასუხისმგებლობას უდიდესი სერიოზულობით უდგება. სწორედ ამის გამო ის ალ ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლას პირადად ხელმძღვანელობს. მას ასევე მტკიცედ სჯერა იმის, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ტავიდან უნდა იქნას აცილებული სამოქალაქო მსხვერპლი.“
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, მან არაერთხელ მიმართა მათი ყურადღება კონტრ-ტერორიზმის საკითხებში ობამას მრჩევლის ჯონ ბრენანის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ბრენანი აცხადებდა, რომ ამერიკა ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს სამოქალაქო მსხვერპლი.
„მოსაკლავ სიაზე“ საუბრისას კარნიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხს 2001 წელს კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო ძალის ავრორიზაციის აქტი არეგულირებს, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს იქნა მიღებული.
კარნის თქმით, შეერთებული შტატები კონტრტერორისტული ოპერაციების დროს უმღლესი სტანდარტების დაცვას უპირობოდ ცდილობს, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო მსხვერპლი.