ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის გამოსვლა ჯორჯიაში


ბარაკ ობამა განათლების სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე და მთავრობის მიერ მის სუბსიდირებაზე საუბრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კაროლინის შემდეგ ჯორჯიის შტატს ეწვია. ქალაქ დეკატურის საბავშვო ბაღში პატარები გაიცნო, მათთან ითამაშა კიდეც. შემდეგ კი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სკოლამდელი და ადრეული განათლების მნიშვნელობაზე და სისტემის დახვეწაში მთავრობის როლზე ისაუბრა.

„ერთმანეთის მიყოლებით ყველა კვლევა იმას მიანიშნებს, რომ ბავშვი რაც უფრო ადრე იწყებს სწავლას, მით უკეთესად ეუფლება საგნებს მომავალში. თუმცა, სამწუხაროდ პრობლემა იმაშია, რომ ამ შანსს ჩვენს ყველა ბავშვს თანაბრად არ ვაძლევთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აკადემიური მოსწრების მხრივ მდიდარი და ღარიბი სოციალური ჯგუფების მოზარდებს შორის ჯერ კიდევ ძალიან დიდი სხვაობაა. პრობლემის სათავე კი, მისი აზრით, დამამთავრებელ კლასებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სკოლამდელი, ადრეული განათლების სისტემაში.

საშუალო კლასის მშობელთა უმრავლესობას იმის საშუალება არ აქვს, რომ კვირაში ასობით დოლარი კერძო ბაგა-ბაღებში იხადოს. ღარიბი ოჯახებისთვის, ვისაც ბაღი ყველაზე მეტად სჭირდება, ის მიუწვდომელია და ეს მათ მთელ ცხოვრებას დაღს ასვამს. საბოლოო ჯამში კი საფასურის გადახდა ჩვენ ყველას ერთად გვიწევს“ - ამბობს პრეზიდენტი ობამა.

მის მიერ შემოთავაზებული გეგმა ადრეული განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მთავრობამ 4 წლის ბავშვებს კერძო სკოლების გადასახადი უნდა დაუფაროს. მათი სუბსიდირება 50-ივე შტატში ფედერალური და ადგილობრივი ფონდებით მოხდება. გეგმაში 3 წლის და კიდევ უფრო პატარა ბავშვების მოვლისთვისაც გამოიყოფა გრანტები, რომელთათვისაც ბაღებს კონკურსში მონაწილეობა მოუწევთ.

თეთრი სახლის განცხადებით, ის, თუ რა დაჯდება აღნიშნული პროგრამა, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ მომავალი წლის ბიუჯეტის შეთავაზებაში იქნება. 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა კონგრესს მარტში გადაეგზავნება.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სისტემის დახვეწა, რომელიც საშუალო სკოლების დამამთავრებელ კლასებსაც შეეხება, ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. პრეზიდენტი მმართველობის პირველი 4 წლის მანძილზე ახალგაზრდებისთვის კოლეჯში სწავლის დაფინანსების ხელშეწყობასაც მაქსიმალურად ცდილობდა.

რესპუბლიკელ კონგრესმენთა ნაწილი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ განათლების რეფორმის გეგმას სკეპტიკურად უყურებს. ჯონ კლაინი წარმომადგენელთა პალატის განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს. მისი აზრით მთავრობას არ ძალუძს სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა.

მაშინ, როცა პრეზიდენტი ჯორჯიაში რიგით ამერიკელებს ხვდებოდა, განათლების დეპარტამენტის მდივანი, არნი დუნკანი კაპიტოლიუმში სენატორებს ესაუბრებოდა. ის ცდილობდა კანონმდებლები განათლების სისტემისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო შეკვეცების არიდებაში დაერწმუნებინა. დუნკანი აცხადებს, რომ ბიუჯეტის მომავალი შემცირება არამარტო დღევანდელი მოსწავლეების და სტუდენტების აღშფოთებას გამოიწვევს, არამედ ამერიკის ისედაც მგრძნობიარე ეკონომიკას სამომავლოდ კიდევ უფრო დააზიანებს.
XS
SM
MD
LG