ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის გადაწყვეტილებას ითხოვს


ობამა კონგრესის გადაწყვეტილებას ითხოვს
ობამა კონგრესის გადაწყვეტილებას ითხოვს

თეთრ სახლში საკუთარ კაბინეტთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ეკონომიკური პროექტის წარდგენიდან უკვე 3 კვირა გავიდა. კონგრესმა კი ვერა და ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. პრეზიდენტმა კონგრესს გადამწყვეტი დადგენილების გამოტანა ოქტომბრის ბოლომდე მოსთხოვა.

ბატონმა ობამამ და თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა რამოდენიმეჯერ მიანიშნეს კონგრესს, რომ მართალია, პრეზიდენტს პროექტის სრული სახით დამტკიცება სურს, მაგრამ დათმობის სახით თანახმაა მას ნაწილ-ნაწილ მოაწეროს ხელი. მთავარია, პუნქტები სამართლიანი და ეფექტური იყოს.

ორშაბათს რესპუბლიკელმა ლიდერებმა ობამას ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაუგზავნეს. თეთრი სახლის განცხადებით, წერილი ზოგადად შემრიგებლურია. თუმცა, პრეზიდენტი ოპონენტებისგან მაინც მეტ დაზუსტებას მოითხოვს:

„თუკი პროექტში არის პუნქტები, რომლებიც არ მოსწონთ, კონკრეტულად უნდა გვითხრან, თუ რაზე არ გვეთანხმებიან. უნდა განაცხადონ, რა არის ის, რისთვისაც რესპუბლიკელები მზად არიან, რომ ბოლოს და ბოლოს წინ წავიწიოთ“.

სატელევიზიო არხის, „ეი-ბი-სის“, საინფორმაციო გამოშვებაში ჯორჯ სტეფანაპულოსმა პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერის -ერიკ კანტორის- შესახებ ჰკითხა. როგორც ცნობილია, ბატონმა კანტორმა პროექტზე სრული სახით ხმის მიცემაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო: მე მას მოვთხოვე, კონკრეტულად დაესახელებინა, თუ რომელ პუნქტს არ ეთანხმებოდა.

როგორც ჩანს, კანტორი კენჭისყრაზე ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიას და პანამასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დაყენებას აპირებს. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა ამ საკითხის გამო გაჭიანურებულ მოლაპარაკებას და მის საბოლოო დამტკიცებას. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერი აცხადებს, რომ სავაჭრო ხელშეკრულების განხილვა შემდეგ კვირაში დაიწყება.

პრეზიდენტმა ობამამ „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიას და პანამასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ამერიკაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მაგრამ ეს ნაბიჯი ეკონომიკის განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

ჯორჯ სტეფანაპულოსმა შეერთებული შტატების უმაღლეს პირს „ეი-ბი-სის“ მიერ ჩატარებული უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების შესახებ აუწყა. გამოკითხულთა 55 პროცენტს მიაჩნია, რომ ობამა ამერიკის პრეზიდენტობას მხოლოდ ერთი ვადით შეძლებს.

„დამარცხებას უკვე მიჩვეული ვარ. თუმცა მჯერა, რომ დღის ბოლოს ხალხი არჩევანს მაინც იმის მიხედვით გააკეთებს, თუ სამომავლოდ ვის უფრო სწორი ხედვა აქვს. და ვის უფრო შეუძლია დაეხმაროს რიგით მოქალაქეებს „ამერიკული ოცნების“ განხორციელებაში“.

პრეზიდენტმა ინტერვიუში საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. კერძოდ, განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის -ალყაიდას- ხელმძღვანელობის მთავარი ბირთვი ძირითადად განადგურებულია და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტები მათთვის ძალზე რთული განსახორციელებელი გახდა.

XS
SM
MD
LG