ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას საგადასახადო კანონპროექტი


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს კონგრესს კიდევ ერთხელ სთხოვა მიიღოს კანონპროექტი სახელად „ბაფეტის წესი,“ რომელიც ამერიკელების ყველაზე მდიდარ ფენას საშემოსავლო ბეგარას გაუზრდის. პრეზიდენტი ცდილობს ამერიკელებს დაანახოს რამდენად განსხვავდება მისი შეხედულება რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნისაგან, როცა საქმე საშუალო ფენის ინტერესების დაცვას ეხება.

ფლორიდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მდიდარ და საშუალო ფენას შორის არსებული ფინანსური თანაფარდობა არაპროპორციულია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს:

„ჩვენს ეკონომიკას ყველაზე მეტად ის ვნებს, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგით მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი სარგებლობს. ეს ათ წელზე მეტია გრძელდება და ნაპრალი მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის უწყვეტად ღრმავდება.“

პრეზიდენტმა სენატს კიდევ ერთხელ მოუწოდა კანონპროექტის მიღება, რომელიც „ბაფეტის წესითაა“ ცნობილი. კანონპროექტს ეს სახელი მას შემდეგ ეწოდა, რაც მილიარდელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ის გაცილებით ნაკლებ გადასახადს იხდის, ვიდრე საშუალო კლასის ამერიკელები.

დემოკრატიული სენატი კანონპროექტს ამ დღეებში უყრის კენჭს და მას, სავარაუდოდ, მიიღებს. თუმცა, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, ალბათ, ვერ გაივლის.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ბაფეტის ინიციატიცა გადასახადს მცირე ბიზნესებსაც გაუზრდის და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეაფერხებს. გარდა ამისა, რესპუბლიკელების აზრით, მდიდრებისთვის გადასახადების მომატება ამერიკის საბიუჯეტო დეფიციტს ვერ შეამცირებს.

ობამას ინიციატივით იმ ადამიანებმა, რომლებსაც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, 30 პროცენტიანი საშმოსავლო ბეგარა უნდა გადაიხადონ.

ვაშინგტონ პოსტისა და ტელეკომპანია ABC-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტი ობამა მიტ რომნის 8 პროცენტით უსწრებს ანუ ობამას ამომრჩეველთა 51 პროცენტი ემხრობა, რომნის კი 43. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ არ მოსწონთ ობამას ეკონომიკური პოლიტიკა.

ფლორიდაში ვიზიტი ობამამ მისი საპრეზიდენტო ოპონენტი რომნის წინააღმდეგ გამოიყენა და ამომრჩევლის ყურადღება რესპუბლიკელების მიერ საშუალო ფენის ინტერესების უგულვებელყოფაზე გაამახვილა.

გარდა უნივერსიტეტში სტუმრობისა, ობამა ფლორიდაში სამ ღონისძიებას დაესწრო, რომელთა დანიშნულებაც საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხების მოძიება იყო.

XS
SM
MD
LG