ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტს ჩიკაგოში ობამა უმასპინძლებს


პრეზიდენტი ობამა მიესალმება ნატოს ლიდერებს თავის მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში, სადაც ამ კვირის ბოლოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრა გაიმართება.

ნატოს მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთის პრობლემა იქნება, საიდანაც ამერიკელები და მათი მოკავშირეები ძირითადი ძალების გამოყვანას 2014 წლისთვის გეგმავენ.

ნატოს ლიდერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა რომ თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები, ავღანეთის სამთავრობო ძალები მზად არიან გადაიბარონ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით:“ ჩიკაგოში ჩვენი კოალიცია ავღანელებთან ერთად დასახავს მომავალი წლის გეგმებს, სადაც საომარ ოპერაციებში წამყვანი როლი ავღანეთის სამთავრობო ძალებს უნდა მიენიჭოთ. ინტერნაციონალური ძალები გააგრძელებენ ავღანელი ჯარისკაცების გაწვრთნას და საჭიროების შემთხვევაში მათ მხარდამხარ იბრძოლებენ კიდეც.“

ახლახანს ამერიკასა და ავღანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული ხელშეკრულება, კიდევ უფრო გამყარდა ნატოს განცხადებით, რომელიც ქაბულთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტები ყოველწლიურად მცირდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადებით:“ ევროპის თავდაცვის ხარჯები მცირდება და თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება ნატოს აღარ ექნება საშუალება თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს, ამას წინათ ლიბიაში განხორციელებული ოპერაციების მსგავსად.“

ჩიკაგოს შეხვედრაზე განიხილავენ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გეგმას, რომელიც ალიანსის წევრთა შორის რესურსების განაწილებას ითვალისწინებს.

ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის მეცნიერის სტივენ პაიფერის განცხადებით:“ ეს სიახლე ნატოს მიერ ფინანსების განკარგვას ეხება, როდესაც ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებებს და არ იქნება ცალკეული ქვეყნების მთავრობებზე დამოკიდებული.“

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ კერის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობამ ეს ორგანიზაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

მისი თქმით:“ ჩვენ გვესმის, რომ ახლა ქამრების შემოჭერის დროა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების დასახვა და ჩვენი მთავარი მიზნების განსაზღვრა.“

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟება იქნება ირანიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად ნატო რაკეტსაწინაღო ფარის შექმნას ბოლომდე მიიყვანს.

ჩიკაგოში ასევე იმსჯელებენ იმ გაკვეთილებზე, რაც ალიანსმა ავღანეთსა და ლიბიაში განხორცილებული საომარი ოპერაციების დროს მიიღო.

როგორც პოლიტოლოგი სტივენ პაიფერი აცხადებს:“ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ნატო ავღანეთის ომით იყო დაკავებული და ახლა ამ ორგანიზაციის სამომავლო მიზნებზე მის წევრებს განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნიათ.“

ჩიკაგოში ნატოს ლიდერები ცამეტ-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG